ანევრიზმა – ტიპები და მკურნალობა

ანევრიზმა -ტიპები და მკურნალობა

ანევრიზმა საკმაოდ იშვიათი, თუმცა პოტენციურად ფატალური დაავადებაა. ესაა გაფართოებული არტერია, გამოწვეული არტერიული კედლის სისუსტით. როდესაც სხვადასხვა მიზეზების გამო არტერია ფართოვდება, ის წარმოქმნის შეშუპებას და იბერება სისხლით.

ანევრიზმების უმეტესობას თან არ ახლავს რაიმე მკვეთრად გამოხატული სიმპტომი. ისინი, ძირითადად, არ წარმოადგენენ სერიოზულ საფრთხეს და სამედიცინო ჩარევის გარეშე ქრებიან. თუმცა, ყველაზე მძიმე შემთხვევაში, ანევრიზმის გასკდომამ შეიძლება სიცოცხლესთან შეუთავსებელი შინაგანი სისხლდენაც კი გამოიწვიოს.

ანევრიზმის ტიპები

ექიმები ანევრიზმის რამდენიმე ძირითად ტიპს გამოყოფენ:

აბდომინალური აორტის ანევრიზმა (მუცლის აორტის ანევრიზმა):

ეს ანევრიზმის ყველაზე გავრცელებული სახეა. მუცლის ღრუს აორტა დიდი სისხლძარღვია, რომელიც გულიდან მომავალ სისხლს მთელს სხეულში ანაწილებს.

სისხლძარღვის დიდი ზომის გამო, შინაგანი სისხლდენა, რომელიც აქ მდებარე ანევრიზმის გასკდომის შემთხვევაში წარმოიქმნება, საკმაოდ სერიოზულია. დროული სამედიცინო ჩარევის შემთხვევაში ექიმები პაციენტების 50%-ის გადარჩენას ახერხებენ.

აბდომინალური აორტის ანევრიზმის გასკდომა ექიმებს ზოგ შემთხვევაში გულის შეტევაში ერევათ, მსგავსი სიმპტომატიკის გამო. ეს სიმპტომები შეიძლება იყოს: ტკივილი გულმკერდისა და ყბების არეში, მჩხვლეტავი ტკივილი მუცლისა და ზურგის არეში, გონების დაკარგვა, სუნთქვის გაძნელება და სისუსტე.

თორაკალური აორტის ანევრიზმა (გულის ანევრიზმა)

თორაკალური აორტა გულმკერდის ნაწილში მდებარეობს. მუცლის აორტის ანევრიზმების მსგავსად, გულის ანევრიზმაც უმეტეს შემთხვევაში უსიმპტომოდ მიმდინარეობს.

იშვიათად, ანევრიზმის გასკდომამდე მცირე ხნით ადრე პაციენტები უჩივიან ტკივილს ზურგისა და გულმკერდის არეში, სუნთქვის გართულებასა და სისუსტეს.

ცერებრალური ანევრიზმა (თავის ტვინის ანევრიზმა)

ანევრიზმის ეს ტიპი ყველაზე ხშირად 30-დან 60-წლამდე ადამიანებში გვხვდება. ზოგ შემთხვევაში თავის ტვინის ანევრიზმა ზომაში ძალიან მცირეა და არანაირ პრობლემას არ იწვევს, თუმცა დიდი ზომის ანევრიზმის გასკდომამ შეიძლება ტვინში სისხლდენა გამოიწვიოს.

ცერებრალური ანევრიზმის გასკდომა შემთხვევების 40%-ში ფატალურად სრულდება. გადარჩენილთა 66%-ში კი ეს შემთხვევა სხვადასხვა ნევროლოგიურ დარღვევას იწვევს.

ანევრიზმასხვა ტიპის ანევრიზმები

ზემოთ ჩამოთვლილი სამი ძირითადი ტიპის გარდა, იშვიათ შემთხვევაში გვხვდებიან შედარებით იშვიათი ანევრიზმებიც.

პერიფერიული სისხლძარღვების ანევრიზმა – ეს ფორმა შესაძლოა ჩამოყალიბდეს მუხლის უკან მდებარე სისხლძარღვებში, ელენთასთან, თირკმელებთან და კუჭნაწლავთან მდებარე სისხლძარღვებში.

საძილე არტერიის ანევრიზმა – კისრის ორივე მხარეს მდებარეობენ საძილე არტერიები, რომლებიც ტვინს ჟანგბადით მდიდარი სისხლით ამარაგებენ. თუ რაიმე მიზეზის გამო სისხლძარღვის კედლები დაზიანებულია, შესაძლოა ჩამოყალიბდეს შეშუპება (ანევრიზმა).

თვალის ანევრიზმა – თვალთან მიმავალი სისხლძარღვების ანევრიზმა ძალიან იშვიათად ვითარდება, თუმცა მისი გასკდომა ერთ-ერთი უმძიმესი ოფთალმოლოგიური შემთხვევაა. სისხლდენა შეიძლება განვითარდეს თვალის როგორც ზედაპირზე, ასევე ბადურაზე.

მისი დიაგნოსტირება შესაძლებელია ოფთალმოლოგთან რეგულარული ვიზიტებისა და გამოკვლევების დროს. ანევრიზმის ადრეულ სტადიაზე აღმოჩენის შემთხვევაში შესაძლებელია ოპერაციული მკურნალობაც, თუმცა ეს რისკებთანაა დაკავშირებული.

ასევე, განასხვავებენ ცრუ ანევრიზმას (ფსევდოანევრიზმას), რომელიც სისხლძარღვის მექანიკური დაზიანების (ტრამვის) შედეგად ჩნდება.

ამ სახის ანევრიზმების გასკდომა შედარებით იშვიათია.

ანევრიზმა ჩვილებში

ანევრიზმა ჩვილებში საკმაოდ იშვიათია. ისევე, როგორც ზრდასრულებში, დაავადება აქაც უსიმპტომოდ მიმდინარეობს. გასკდომის შემთხვევაში აუცილებელია ოპერაცია.

ანევრიზმის დიაგნოსტიკა ძირითადად იმ შემთხვევაში ხერხდება, თუ ბავშვს რაიმე სხვა მიზეზის გამო უკეთებენ თავის ტვინის ან სხვა სახის კვლევას. თუ ანევრიზმა ბავშვის სიცოცხლეს რისკს არ უქმნის, საუკეთესო მკურნალობა, ხშირად, დინამიკაში დაკვირვებაა.

განსაკუთრებით დიდი ზომის ანევრიზმამ თავის ტვინში შეიძლება ნევროლოგიური დარღვევები გამოიწვიოს – თავის ტკივილი, გაფართოებული თვალის გუგები, მხედველობის დაბინდვა, სისუსტე, მეტყველების გართულება და ა.შ.

ბავშვებში ანევრიზმების 40% თავის ტრამვების შედეგად ჩნდებიან. გამომწვევი მიზეზი შეიძლება იყოს ბაქტერიაც, მაგალითად სტაფილოკოკი ან სტრეპტოკოკი.

მკურნალობის გზები

ანევრიზმების დიაგნოსტიკა საკმაოდ იშვიათად, ძირითადად შემთხვევით ხდება – პაციენტი იკეთებს გამოკვლევას სხვა მიზეზით და აღმოაჩენს, რომ ანევრიზმა აქვს.

ანევრიზმის მდებარეობისა და სხვა მახასიათებლების გათვალისწინებით, ექიმი იღებს გადაწყვეტილებას, საჭიროა თუ არა ქირურგიული ჩარევა. თუ პაციენტს არ აქვს სიმპტომები და ანევრიზმა მცირე ზომისაა, შესაძლებელია მასზე დინამიკაში დაკვირვება და კონტროლი.

გამსკდარ ანევრიზმას დაუყოვნებელი ქირურგიული ჩარევა სჭირდება, წინააღმდეგ შემთხვევაში, გადარჩენის შანსი საკმაოდ დაბალია.