თუ ბავშვმა თავი დაარტყა – როგორ მოვიქცეთ?
როგორ მოვიქცეთ თუ ბავშმა თავი დაარტყა?
ბავშვებსა და მოზარდებში თავის ტრავმები საკმაოდ ხშირია. ტრავმა შესაძლოა შეეხოს თავის ქალას, სკალპს, ტვინსა და სისხლძარღვებს. დაზიანება შესაძლოა იყოს მსუბუქი და მხოლოდ კოპის სახით გამოვლინდეს, ან უფრო სერიოზული და ტვინის შერყევა გამოიწვიოს.
როგორც წესი, ადრეულ ასაკში მიღებული ტრავმების უმეტესობა მსუბუქია და თავის ტვინის დაზიანებას არ იწვევს.
რა იწვევს თავის ტრავმას?
ბავშვები ტრავმებს ძირითადად დაცემის შედეგად იღებენ, სხვა მიზეზთა შორის შეიძლება იყოს:
- საავტომობილო ავარია;
- ველოსიპედთან დაკავშირებული შემთხვევები;
- სპორტული აქტივობის დროს მიღებული დაზიანება;
- ძალადობა ოჯახში.
ტრავმა შეიძლება იყოს გარეგანი ან შინაგანი. გარეგანი დაზიანება სკალპზე აისახება, შინაგანი კი ვნებს თავის ქალას, ტვინს ან აქ გამავალ სისხლძარღვებს.
შედარებით სერიოზულმა ტრავმამ შეიძლება გამოიწვიოს ტვინის შერყევა, კონტუზია, თავის ქალის ძვლის მოტეხილობა ან სისხლდენა.
- ტვინის შერყევა ბავშვებში მსუბუქ, თუმცა საკმაოდ ტრავმულ დაზიანებად ითვლება. ბავშვი ტვინის შერყევას იღებს მაშინ, როდესაც თავის არეში დარტყმა ან სხვა შემთხვევა სხეულის ზედა ნაწილის ძლიერ რხევას იწვევს. ეს ტვინში გარკვეული ქიმიური ცვლილებების პროვოცირებას ახდენს და შესაძლოა მისი ზოგიერთი უჯრედიც დააზიანოს.
- კონტუზია (დაჟეჟილობა) არის მდგომარეობა, როდესაც დარტყმა ან თავის არეზე სხვა ზემოქმედება ტვინის რბილ ქსოვილს აზიანებს. მცირე ზომის სისხლძარღვების დაზიანების შემთხვევაში ხშირია წითელი ან იისფერი ლაქების გაჩენა სკალპსა და შუბლზე. უფრო სერიოზულმა ტრავმებმა შესაძლოა გამოიწვიონ თავის ტვინის კონტუზია, რაც უფრო მძიმე შემთხვევაა და ხშირად ახასიათებს ისეთი დარღვევები, როგორიცაა გონების დაკარგვა, სუნთქვის დარღვევა, სისხლის მიმოქცევის დარღვევა და სხვა.
- თავის ქალის ძვლის მოტეხილობა შესაძლოა განვითარდეს მის სხვადასხვა მონაკვეთში.
- სისხლდენა შესაძლოა იყოს შინაგანი ან გარეგანი და თავის ტვინის სხვადასხვა დაზიანებაზე მიუთითებდეს.
როგორია თავის ტრავმის სიმპტომები?
ბავშვს, რომელმაც თავის ტვინის ტრავმა მიიღო შესაძლოა აღენიშნებოდეს:
- კოპი თავზე – ბევრ მშობელს აინტერესებს, საშიშია თუ არა კოპი თავზე. სინამდვილეში, ეს საკმაოდ ხშირი სიმპტომია, რადგან თავის ტვინში უამრავი მცირე სისხლძარღვი გადის. მათი დაზიანება წითელ ან იისფერ ლაქებსა და შესიებას იწვევს.
- თავის ტკივილი – იმ ბავშვების ნახევარი, რომელიც თავის არეში დაზიანებას იღებს, თავის ტკივილს უჩივის.
- გონების დაკარგვა – ეს საკმაოდ იშვიათი სიმპტომია.
- ღებინება
იშვიათად, სერიოზული ტრავმის მიღების შემთხვევაში არსებობს ჰემატომის განვითარების რისკიც. თავის ტვინის ჰემატომის ნიშნები ბავშვებში სხვადასხვაგვარია და ისინი ძირითადად ტრავმის მიღებიდან 12-36 საათის შემდეგ ვლინდება. გახანგრძლივებული თავის ტკივილი, ღებინება, ცნობიერების დაკარგვა, კრუნჩხვა და დამბლა შესაძლოა სწორედ ასეთ მოვლენაზე მიგვითითებდეს.
როგორ ხდება თავის ტრავმის დიაგნოსტირება?
ექიმი, რომელსაც ასეთი დაზიანების შემთხვევაში მიმართავთ, დეტალურად გამოგკითხავთ ინციდენტის შესახებ. ის დაათვალიერებს დაზიანებულ ადგილს და შეაფასებს ბავშვის ზოგად მდგომარეობას. უფრო სერიოზული ტრავმის შემთხვევაში მან შესაძლოა საჭიროდ ჩათვალოს თავის კომპიუტერული ტომოგრაფია.
სერიოზული ტრავმის სიმპტომებია:
- გონების დაკარგვა, თუკი ის გრძელდება რამდენიმე წუთზე მეტხანს.
- ხშირი ღებინება
- ცნობიერების არევა
- კრუნჩხვა
- თავის ტკივილი, რომელიც უარესდება
ტვინის შერყევა – პირველადი დახმარება
დაუყოვნებლივ დაუკავშირდით თქვენს ექიმს ან გამოიძახეთ სასწრაფო თუ:
- თქვენი შვილი 1 წლამდე ასაკისაა.
- ბავშვმა დაკარგა გონება, თუნდაც მხოლოდ ერთი წუთით
- შეუჩერებლად ტირის
- უჩივის თავის ან კისრის ტკივილს
- აღებინებს ორჯერ ან მეტჯერ
- ძილის შემდეგ უჭირს გამოფხიზლება
- აღენიშნება ცვლილებები ლაპარაკის ან მოძრაობის დროს
თუ თქვენი შვილი არ არის ერთ წლამდე ასაკის, ტრავმის შემდეგ გონება არ დაუკარგავს და ნორმალურად იქცევა, მოიქეცით შემდეგნაირად:
- დაადეთ ნაჭერში გახვეული ყინული ან ცივი კომპრესი დაზიანებულ ადგილას 20 წუთის განმავლობაში, ყოველ 3-4 საათში.
- ყურადღებით დააკვირდით ბავშვის ქცევას შემდეგი 24 საათის განმავლობაში. თუ ბავშვი დაიძინებს, პერიოდულად შეამოწმეთ მისი მდგომარეობა ძილის დროს.
- ენდეთ თქვენს ინსტინქტებს – თუ ეჭვობთ, რომ რაიმე ნორმალურად არ გამოიყურება, ეცადეთ ბავშვი ოდნავ გამოაფხიზლოთ. თუ მას ჩვეულებრივზე მეტად უჭირს გაღვიძება, დაუკავშირდით ექიმს ან გამოიძახეთ სასწრაფო.
პირველადი დახმარება სერიოზული ტრავმის დროს
თუ ბავშვი ტრავმის შედეგად უგონოდაა, მოიქეცით შემდეგნაირად:
- არ გადაადგილოთ ბავშვი დამოუკიდებლად, მას შესაძლოა კისრის ან ხერხემლის ტრავმა ჰქონდეს;
- უხმეთ დახმარებას, თუ ტელეფონი თან გაქვთ, დარეკეთ 112-ში.
- თუ ბავშვი აღებინებს ან კრუნჩხვა აქვს, დააწვინეთ ის გვერდზე და ეცადეთ სწორად დაუჭიროთ თავი და კისერი.
როგორ დავიცვათ ბავშვები თავის ტრავმებისგან
ბავშვის დაცვა ყველანაირი ზიანისგან შეუძლებელია, თუმცა მშობლებსა და მეურვეებს მაინც შეუძლიათ უსაფრთხოების გარკვეული ზომების მიღება ასეთი ინციდენტების პრევენციისთვის.
პირველი, რაც მშობელმა უნდა გააკეთოს, ეს სახლში უსაფრთხო გარემოს შექმნაა. ბავშვები ყველაზე ხშირად სწორედ სახლებში იღებენ ტრავმებს.
დარწმუნდით, რომ ერთ წლამდე ჩვილს უსაფრთხო ადგილას სძინავს, ჩვილის დაცემა საკმაოდ ტრავმული გამოცდილებაა როგორც ბავშვის, ასევე მასზე პასუხისმგებელი პირისთვის. ხშირად ხდება, რომ ჩვილები უფრო ადრე იწყებენ აქტიურ მოძრაობას, ვიდრე ეს მშობლებს წარმოუდგენიათ. თუ ბავშვი გადმოვარდა საწოლიდან, მან შესაძლოა საკმაოდ დიდი სტრესი მიიღოს.
ასევე ხშირია უფრო მოზრდილი ბავშვის ჩამოვარდნა სიმაღლიდან. ეცადეთ საინტერესო ნივთები გამოსაჩენ, მაღალ ადგილას არ შეინახოთ, ამან შეიძლება ბავშვს სახიფათო ქმედებისკენ უბიძგოს.
არანაკლებ მნიშვნელოვანია სხვადასხვა აქტივობების დროს უსაფრთხოების ნორმების დაცვა. მაგალითად, ველოსიპედის მართვის დროს ბავშვს ყოველთვის უნდა ეხუროს შესაბამისი ჩაფხუტი, თხილამურებზე, სნოუბორდზე სრიალის დროს კი სპორტული აღჭურვილობა ზუსტად უნდა იყოს მორგებული მის ასაკსა და წონაზე.
მიაჩვიეთ ბავშვი ავტომობილით უსაფრთხო მგზავრობას სამშობიაროდან გამოყვანის დღიდან. ჩასვით მისი წონისა და ასაკის შესაბამის მანქანის სავარძელში, ან, თუ მოზარდი შესაბამისი ასაკისაა, ასწავლეთ უსაფრთხოების ღვედის გამოყენება.
დაკავშირებული სტატიები: