გრიპის აცრა
ინფლუენზა (გრიპი) სეზონური ვირუსული დაავადებაა და ძირითადად ჰაერწვეთოვანი გზით (ცემინება, ხველება, ლაპარაკი, სუნთქვა) ვრცელდება.
გრიპის სიმპტომებია ტემპერატურის მატება, ყელის ტკივილი, ხველება, სურდო, თავის ტკივილი, დაღლილობა და კუნთების ტკივილი. გართულების შემთხვევაში ვირუსმა შეიძლება გამოიწვიოს ყურის ან სასუნთქი გზების ანთება, ფილტვების ანთება და სიკვდილიც კი.
რატომ უნდა ავცრათ ბავშვები გრიპზე ყოველწლიურად?
ბავშვები რისკ-ჯგუფს წარმოადგენენ, რაც ნიშნავს, რომ ვირუსი მათთვის უფრო რთულად მიმდინარეობს. გრიპის ვაქცინა ბავშვებს სწორედ ამ გართულებებისგან იცავს. ამერიკის დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრის მონაცემებით, 2010 წლის შემდეგ გრიპთან დაკავშირებულმა გართულებებმა საგრძნობლად იკლო 5 წლამდე ბავშვებში.
გრიპი სერიოზული დაავადებაა, აშშ-ში მხოლოდ 2017-18 წლებში 179 ბავშვი დაიღუპა მისი გართულების შედეგად. გარდაცვლილი ბავშვების 80% აცრილი არ ყოფილა. 2 წლამდე ბავშვებში გართულებების რისკი ყველაზე მაღალია.
როდის უნდა ავცრათ ბავშვი გრიპზე?
გრიპზე აცრა შესაძლებელია 6 თვიდან და რეკომენდირებულია თითქმის ყველა ადამიანისთვის, განსაკუთრებით კი ბავშვებისთვის.
აცრისთვის საუკეთესო პერიოდი ოქტომბერია. ანტისხეულების გამომუშავებას დაახლოებით ორი კვირა სჭირდება, ამიტომ, თუ თქვენ გრიპის სეზონის გააქტიურებამდე აიცრებით, მეტი შანსია, რომ ვირუსების შემოტევას მომზადებული შეხვდებით.
რატომაა აუცილებელი ყოველ წელს თავიდან აცრა?
ყოველწლიურად გრიპის ვაქცინის ახალი ვერსია იქმნება. მეცნიერები შეისწავლიან ვირუსებს, რომლებიც ჩვენს გარშემო ცირკულირებენ და ამ კვლევის საფუძველზე ქმნიან ვაქცინას.
ვაქცინების უმეტესობა სამი ან ოთხი სხვადასხვა ტიპის ვირუსისგან გვიცავენ.
რამდენი დოზა სჭირდებათ ბავშვებს?
ვაქცინის ორი დოზა (4 კვირის შუალედით) სჭირდებათ ბავშვებს 6 თვის ასაკიდან 8 წლამდე, რომლებიც პირველად იცრებიან გრიპზე. ყველა სხვა შემთხვევაში ვაქცინის მხოლოდ ერთი დოზა კეთდება.
ვინ არ უნდა აიცრას გრიპზე?
გრიპზე აცრის წინ აუცილებელია კონსულტაცია ექიმთან. ზოგადად, გრიპის ვაქცინა არაა რეკომენდირებული ბავშვებისთვის, რომლებსაც:
- ჯერ არ მიუღწევიათ 6 თვის ასაკისთვის;
- წარსულში ჰქონიათ ალერგიული რეაქცია გრიპის ვაქცინაზე;
- აღენიშნებათ მაღალი ტემპერატურა, ხველება, სურდო;
ამერიკის პედიატრთა ასოციაციის თანახმად, კვერცხზე ალერგია ვაქცინის უკუჩვენებად არ მოიაზრება.
შეიძლება თუ არა აცრილ ბავშვს მაინც დაემართოს გრიპი?
დიახ, შესაძლებელია. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ვაქცინა გრიპის ყველა ტიპისგან ვერ გვიცავს. კვლევების თანახმად, აცრილ ბავშვებს სხვა ტიპის გრიპის ვირუსებიც უფრო მსუბუქად გადააქვთ, ვიდრე – აუცრელებს.
რა გვერდითი მოვლენები ახასიათებს გრიპის ვაქცინას?
გრიპის ვაქცინა ცოცხალ ვირუსს არ შეიცავს. ყველაზე ხშირი გვერდითი მოვლენა ნანემსარის ტკივილია. ვაქცინის გაკეთებიდან ორი დღის მანძილზე შესაძლოა ზოგ ბავშვს აღენიშნებოდეს ტემპერატურის მომატება, დაღლილობა და სისუსტე.
გრიპის ვაქცინით გამოწვეული მძიმე ალერგიული რეაქციების განვითარების რისკი არსებობს, თუმცა ის გაცილებით დაბალია, ვიდრე აუცრელობის შემთხვევაში გრიპის გართულების რისკი.