ექოსკოპია – რამდენჯერ და როდის?

ექოსკოპია – რამდენჯერ და როდის?

ექოსკოპია ექოსკოპია ბევრი ორსულისთვის განსაკუთრებული და ამაღელვებელი პროცედურაა, ხშირად ჩნდება კითხვა, რამდენჯერ უნდა გაიკეთოთ ექოსკოპია და როდის?

ულტრაბგერითი გამოკვლევები ორსულობის განუყოფელი (და სასიამოვნო) ნაწილია. საქართველოს სოციალური მომსახურების სააგენტოს დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის პროგრამა ორ ექოსკოპიას ითვალისწინებს – პირველს – ორსულობის მე-12 კვირამდე და მეორეს მე-20 კვირამდე.

ამას გარდა, ექიმმა შესაძლოა კიდევ გირჩიოთ ერთი ან მეტი ულტრაბგერითი კვლევის ჩატარება.

რა ინფორმაციას გვაძლევს ექოსკოპია და რამდენჯერ შეიძლება ნახოთ თქვენი პატარა მის დაბადებამდე, წაიკითხეთ ქვემოთ.

ექოსკოპია პირველ ტრიმესტრში

დედათა და ბავშვთა პროგრამაში მოსახვედრად ჯერ ორსულობის დადგენაა საჭირო. პირველი ექოსკოპია ორსულობის მე-12 კვირამდე უნდა ჩატარდეს. ექიმების უმეტესობა ორსულებს 6-9 კვირაზე ურჩევს ამ კვლევის ჩატარებას, რომ დადასტურდეს ორსულობა და დადგინდეს მშობიარობის სავარაუდო თარიღი. პირველ ექოსკოპიაზე თქვენი შვილის შესახებ შემდეგ ინფორმაციას მიიღებთ:

  • გულისცემა – ბავშვის გულისცემა როგორც წესი, მე-7 კვირიდან გარკვევით ისმის, თუმცა თუ ამ ვადაზე გულისცემა არ დაფიქსირდა, ნუ შეშინდებით – შესაძლოა ნაყოფი უფრო პატარა იყოს, ვიდრე თქვენ ვარაუდობთ.
  • ნაყოფის ზომები და მდებარეობა – ამის მიხედვით ექოსკოპისტი მშობიარობის სავარაუდო თარიღს გეტყვით. ასევე, მნიშვნელოვანია გარე ორსულობის გამორიცხვა.
  • ნაყოფების რაოდენობა – თუ ერთზე მეტ ბავშვს ელოდებით, ამ ვადაზე ეს უკვე გამოჩნდება.
  • დაუნის სინდრომი – თუ ექოსკოპიას ორსულობის მე-11-მე-13 კვირებზე ჩაიტარებთ, ექოსკოპისტი გაზომავს თქვენი პატარას კისრის ნაოჭის სისქეს. ამ მონაცემზე დაყრდნობით კი გეტყვით არის თუ არა შანსი, რომ თქვენი შვილი დაუნის სინდრომით დაიბადოს. ეს მხოლოდ ვარაუდია და მის დასადასტურებლად დამატებითი კვლევები დაგჭირდებათ.

ექოსკოპია მეორე ტრიმესტრში

მეორე ტრიმესტრში ექოსკოპისტი თქვენი შვილის შესახებ მნიშვნელოვან ინფორმაციას მოგაწვდით:

  • გული – რომ დარწმუნდეთ, რომ ნაყოფის გული ჯანმრთელია, სპეციალისტი მოისმენს და გაზომავს მის გულისცემას.
  • ზომები – ექიმი გაზომავს თქვენს პატარას და ამ ზომების მიხედვით გეტყვით მშობიარობის სავარაუდო თარიღს. თუ გამოჩნდება, რომ ნაყოფის ზომები მის გესტაციურ ასაკს არ შეესაბამება, ექიმმა შეიძლება დამატებითი კვლევები დანიშნოს.
  • პლაცენტის მდებარეობა – ექიმი გეტყვით როგორაა განთავსებული პლაცენტა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან საშვილოსნოს კედელზე შეზრდილმა პლაცენტამ შეიძლება ორსულობის მესამე ტრიმესტრში სისხლდენა გამოიწვიოს. თუ შეზრდა დადასტურდა, ექიმი მას დინამიკაში დააკვირდება და შესაბამის ზომებს მიიღებს.
  • სანაყოფე წყლები – თუ ექოსკოპია ჭარბ ან არასაკმარის სანაყოფე წყლებს დააფიქსირებს, სავარაუდოდ ამის გამომწვევი მიზეზის გარკვევა და განმეორებითი კვლევა იქნება საჭირო.
  • ნაყოფის ანატომია – ექიმი ყურადღებით დაათვალიერებს ნაყოფის სხეულის ნაწილებს, შინაგან ორგანოებს და ჭიპლარს.
  • სქესი – თუ პირველ ტრიმესტრში სქესის დადგენა ვერ მოხერხდა, ახლა მეტი შანსია ექიმმა მაქსიმალური სიზუსტით გითხრათ ბავშვის სქესი. გააფრთხილეთ ექოსკოპისტი წინასწარ, თუ ამ ინფორმაციის მიღება არ გსურთ.

ექოსკოპია მესამე ტრიმესტრში

იმის მიუხედავად, რომ ნორმალურად მიმდინარე ორსულობის დროს ორი ექოსკოპია სრულიად საკმარისია, ექიმმა შესაძლოა კიდევ გირჩიოთ ერთი ან მეტი ულტრაბგერითი კვლევის ჩატარება მესამე ტრიმესტრში. ამის მიზეზი შეიძლება იყოს:

  • ვაგინალური სისხლდენა – ორსულობის მეორე ნახევარში სისხლდენა შეიძლება პლაცენტის პრობლემას უკავშირდებოდეს. ექოსკოპისტი გეტყვით კონკრეტულად რა იწვევს ამას.
  • ბავშვის განვითარება – თუ ექიმს რაიმე ანალიზზე ან კვლევაზე დაყრდნობით გაუჩნდება ეჭვი, რომ ბავშვი სწორად არ იზრდება, ის დამატებით ექოსკოპიას დაგინიშნავთ.
  • სანაყოფე წყლები – თუ წინა ექოსკოპიებმა ჭარბი ან არასაკმარისი წყლების რაოდენობა აჩვენა, სპეციალისტი დინამიკაში დააკვირდება თქვენს ორსულობას და რეგულარულ გამოკვლევებზე დაგიბარებთ.
  • ორსულობის გართულებები – თუ მაღალი წნევა ან დიაბეტი გაქვთ, ან თუ ორსულობის მე-40 კვირას გადასცილდით, ექიმი ექოსკოპიაზე დაგიბარებთ, რომ დარწმუნდეს, რომ ბავშვი თავს კარგად გრძნობს.
  • საკეისრო კვეთის საჭიროება – ორსულობის ბოლოს, ექოსკოპისტი გეტყვით თუ საკეისროს საჭიროება გაქვთ. ამის მიზეზი შესაძლოა იყოს ბავშვის მდებარეობა (მაგალითად, თუ ჯდომითაა), მისი ზომა და წონა ან პლაცენტის მდებარეობა.

ექოსკოპიის რისკები

ითვლება, რომ ექოსკოპია არაინვაზიური, ძალიან უსაფრთხო პროცედურაა. ამის მიუხედავად, ექიმები გვირჩევენ, რომ მხოლოდ იმ შემთხვევაში მივმართოთ ამ კვლევას, თუ ამის სამედიცინო საფუძველი არსებობს.

ბოლო 35 წლის მანძილზე ჩატარებული კვლევები დაზუსტებით ვერ ამბობენ ახდენს თუ არა რაიმე გავლენას ბავშვის განვითარებაზე ექოსკოპიის ხშირი ჩატარება.

განსაკუთრებით ფრთხილად უნდა ვიყოთ 3 და 4 განზომილებიან ექოსკოპიებთან – ასეთი კვლევა მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა ჩატარდეს, როცა ექიმს რაიმე დეფექტზე აქვს ეჭვი და ნაყოფის დეტალური დათვალიერება სჭირდება.