თმის მოვლა ყველა ტიპის თმისათვის!
ყველა ტიპის თმა ლამაზია, თუ მას სწორად უვლით. თქვენი თმა შეიძლება იყოს ხვეული ან სწორი, გრძელი ან მოკლე, შეღებილი ან ხელუხლებელი – ნუ მისცემთ სილამაზის ინდუსტრიას უფლებას თავს მოგახვიოთ თავისი სტანდარტები. თმა მაშინ გამოიყურება ყველაზე ჯანსაღად და ლამაზად, როდესაც მის რადიკალურად შეცვლას კი არა, გაუმჯობესებას ცდილობთ.
თმის მოვლისას აუცილებელია გაითვალისწინოთ მისი სტრუქტურული თავისებურებები და საჭიროებები, რადგან სხვადასხვა ტიპის თმა ჰიგიენურ საშულებებზე განსხვავებულად რეაგირებს.
თმის ტიპები
თმის ტიპს, უმთავრესად, მისი ფოლიკულა განსაზღვრავს. ფოლიკულების ფორმა განაპირობებს როგორია თქვენი თმა – სწორი, ტალღოვანი, ხვეული თუ ხუჭუჭი.
თმის ტიპი გენეტიკაზეა დამოკიდებული, თუმცა სხვადასხვა ქიმიკატებისა და ინსტრუმენტების გამოყენებით მისი სტრუქტურის შეცვლა შესაძლებელია.
სწორი თმის მოვლა
სწორი თმა შეიძლება იყოს სქელი ან თხელი, ის ერთგვაროვანია მთელს სიგრძეზე, არ იხვევა და იტალღება. ხშირად, სწორ თმას აქვს ცხიმიანობისკენ მიდრეკილება, ამიტომ როდესაც ჰიგიენურ პროდუქტებს ყიდულობთ აუცილებლად დარწმუნდით, რომ კიდევ უფრო მეტ ცხიმს არ უმატებთ თქვენს სწორ თმას.
სტილისტები, ასევე, გვირჩევენ მოვერიდოთ „მსუყე“ თმის ნიღბებისა და ზეთების გამოყნებას, განსაკუთრებით – თმის ძირებში. უფრო შესაფერისია ისეთი პროდუქტების გამოყენება, რომელიც მეტ ტექსტურას და მოცულობას შემატებს თქვენს თმას.
საყურადღებოა, რომ თმის ხშირმა დაბანამ შეიძლება თავის კანის სიმშრალე გამოიწვიოს. ყოველდღიურად თმის დაბანის ნაცვლად კარგი გამოსავალია მშრალი შამპუნის გამოყენება.
ტალღოვანი თმის მოვლა
ტალღოვანია თმა, რომელიც ძირებიდან სწორად მოდის, დაახლოებით თვალების დონიდან კი იტალღება და მსუბუქ, ბუნებრივ ხვეულებს ქმნის.
ნატურალური ტექსტურის შესანარჩუნებლად, უმჯობესია ეს თმაც მოერიდოს ზედმეტად მძიმე, ცხიმიან პროდუქტებს. ამის ნაცვლად, სტილისტები გვირჩევენ გამოვიყენოთ შამპუნი და კონდიციონერი ნორმალური თმისთვის. ტალღების გამოსაკვეთად კი კარგი არჩევანია მსუბუქი მუსი ან თმის გელი.
ტალღოვანი თმის მთავარი მტერი ნესტიანი ამინდია, რომელიც მის გაღიზიანებას იწვევს. ამიტომ, ეცადეთ, რომ პროდუქტები, რომელსაც ასეთი თმის მოსავლელად იყენებთ, შეიცავდეს გარემოსგან დამცავ ინგრედიენტებს. კვირაში ერთხელ სასურველია მკვებავი ნიღბების გამოყენებაც.
ხვეული თმის მოვლა
ამ ტიპის თმა საკმაოდ მრავალფეროვანია, თქვენი ხვეულები შეიძლება იყოს როგორც წვრილი, ასევე მსხვილი. პირველი, რაც ხვეული თმის მოვლაზე უნდა იცოდეთ ისაა, რომ ხშირი დავარცხნა კარგს არაფერს მოგიტანთ.
თუ ხვეული თმა გაქვთ, თქვენი მთავარი მიზანი ბუნებრივი კულულების მაქსიმალურად ეფექტურად გამოკვეთა უნდა იყოს. დაივიწყეთ ვარცხნილობა „ცხენის კუდი“, ან ეცადეთ მხოლოდ აუცილებელ შემთხვევებში შეიკრათ ასე თმა – მაგალითად – თუ სპორტდარბაზში ვარჯიშობთ. დროის ხანგრძლივ მონაკვეთში თმის ამ პოზიციაში ყოფნა აზიანებს მის სტრუქტურას, რასაც მალევე მოჰყვება ხოლმე თმის ცვენა.
ხვეული თმის მთავარი პრობლემა, ხშირად, სიმშრალეა. სპეციალურად ამ ტიპის თმისთვის განკუთვნილი პროდუქტები უნდა შეიცავდნენ დამატენიანებელ ზეთებსა და ცხიმებს. უმჯობესია არჩევანი შეაჩეროთ ისეთ საშუალებებზე, რომლებიც არ შეიცავენ სილიკონსა და სულფატებს – ეს ინგრედიენტები მოკლევადიან პერიოდში კარგ შედეგს გვაძლევენ, თუმცა დროთა განმავლობაში საგრძნობლად აშრობენ თმას.
სავარცხლის გამოყენების ნაცვლად, დაიტანეთ თმაზე კონდიციონერი ან ნიღაბი და თითებით დაივარცხნეთ თმა. როდესაც დრო გაქვთ, ყოველთვის მოერიდეთ ფენს – უმჯობესია თმა ჰაერზე გაშრეს.
ხუჭუჭი თმის მოვლა
ხუჭუჭ თმას ხვეულისგან სისქე და მოცულობა განასხვავებს. ხუჭუჭი თმა უფრო ხშირი, წვრილი კულულებით გამოირჩევა და განსაკუთრებულ მოვლასა და ყურადღებას მოითხოვს. ღრმა დატენიანება, მკვებავი ნიღბები, თმის კარაქი და ზეთი ხუჭუჭი თმის მოვლის რუტინის მთავარი ელემენტები არიან.
ხუჭუჭი თმა ადვილად ზიანდება, ამიტომ ნუ შეეცდებით მის ხშირად დავარცხნას, ქიმიკატების, უთოს და ფენის გამოყენებას, კულულების ნაწნავებში დამალვას. ყველა ეს მანიპულაცია აზიანებს მის სტრუქტურას და გრძელვადიან პერიოდში იწვევს თმის ცვენას.
საუკეთესო გამოსავალია ხარისხიანი, ბუნებრივი ინგრედიენტებისგან დამზადებული პროდუქტების გამოყენება და ჰაერზე გაშრობა. არ უნდა დაგავიწყდეთ კვირაში 1-2ჯერ ღრმა დატენიანებაც შესაბამისი ნიღბების დახმარებით.
შეღებილი და დაზიანებული თმის მოვლა
იმისათვის, რომ თქვენი შეღებილი თმა დიდი ხნის მანძილზე გამოიყურებოდეს ჯანსაღად რამდენიმე რეკომენდაცია უნდა გაითვალისწინოთ:
- თმის შეღებვიდან 72 საათის განმავლობაში მოერიდეთ თმის დაბანას.
- გამოიყენეთ უსულფატო შამპუნი და კონდიციონერი.
- იბანავეთ თბილი (და არა ცხელი) წყლით.
- დაიბანეთ თმა კვირაში მაქსიმუმ 3-ჯერ.
- უთოს ან ფენის გამოყენებისას, თმაზე დაიტანეთ დამცავი პროდუქტი.
შეღებვის გარდა, თმა ცხელი ინსტრუმენტების გამოყენებამაც შეიძლება დააზიანოს. სიმშრალე და მტვრევადობა ასევე დამოკიდებულია პიროვნების ასაკზე, გენეტიკასა და სხვა გარემო ფაქტორებზე. ასეთ დროს, კარგი გამოსავალია თმის მკვებავი ნიღბების გამოყენება.
როგორ შევარჩიოთ თმის მოვლის პროდუქტები?
არასწორად შერჩეულ თმის მოვლის პროდუქტებს ყველაზე ჯანსაღი თმის დაზიანებაც კი შეუძლიათ. ძლიერმოქმედი ქიმიკატები, სულფატები, პარაბენები დროთა განმავლობაში აზიანებენ თმის ფოლიკულებს და მის მტვრევას, გამოშრობას და ცვენას იწვევენ.
ავსტრალიური კომპანია Natures Organics მხოლოდ ნატურალური, ორგანული ინგრედიენტებისგან მზადდება. მეცნიერებისა და დერმატოლოგების მიერ შემუშავებული ფორმულები სხვადასხვა ტიპის თმას იდეალურად ერგებიან და აუმჯობესებენ მის ბუნებრივ თვისებებს.
პროდუქცია თავისუფალია სულფატების, პარაბენების, ნავთობპროდუქტებისა და სხვა მავნე ინგრედიენტებისგან.
როგორ გამოვიყენოთ თმის ნიღაბი?
თმის ნიღაბი, როგორც წესი, შედარებით ძვირი პროდუქტია, რომელიც ძლიერმოქმედი ინგრედიენტებით მზადდება. ამიტომ, უნდა შეეცადოთ, მისგან მაქსიმალური ეფექტი მიიღოთ.
ამისათვის, დაიტანეთ ნიღაბი ახლად დაბანილ, პირსახოცით შემშრალებულ, ტენიან თმაზე და თანაბრად გადაანაწილეთ ის მთელ სიგრძეზე. დაივარცხნეთ თმა თითებით. ნიღაბი თმაში კიდევ უფრო უკეთ შეაღწევს, თუ აბაზანის ქუდს დაიხურავთ, ან ცხელ, მშრალ პირსახოცს შემოიხვევთ თმაზე. ნიღბების თმაზე გაჩერება, როგორც წესი, 10-20 წუთითაა საჭირო. ჩამოიბანეთ ნიღაბი გრილი წყლით.
ეფექტური თმის ნიღაბი სახლშიც შეგიძლიათ დაამზადოთ, ჩვენ ორ ვარიაციას შემოგთავაზებთ.
თმის ნიღაბი თაფლით
ეს ნიღაბი იდეალურია სიმშრალისკენ მიდრეკილი თმისთვის. ის ეფექტურად ატენიანებს და არბილებს თმას და ანიჭებს მას ბზინვარებას.
შეურიეთ ნახევარი ჭიქა თაფლი და ნახევარი ჭიქა ზეითუნის ზეთი ერთმანეთს. მიღებული მასა გააცხელეთ მიკროტალღურ ღუმელში 20 წამის მანძილზე. კარგად მოურიეთ, დაელოდეთ მის გაგრილებას და წაისვით თმის მთელ სიგრძეზე.
გაიჩერეთ ნიღაბი 20 წუთის განმავლობაში და ჩამოიბანეთ გრილი წყლით.
თმის ნიღაბი ქოქოსის ზეთით და კვერცხით
თუ თქვენს თმას ღრმა დატენიანება სჭირდება, ქოქოსის ზეთზე უფრო ეფექტური ინგრედიენტის პოვნა გაგიჭირდებათ.
მიკროტალღურ ღუმელში ან გაზქურაზე გაალღვეთ 2 სუფრის კოვზი ორგანული ქოქოსის ზეთი. ცალკე, ჯამში გათქვიფეთ კვერცხი. თბილ (არა ცხელ) ქოქოსის ზეთს შეურიეთ კვერცხი და 1 სუფრის კოვზი თაფლი. კარგად შეურიეთ ერთგვაროვანი მასის მისაღებად. დაბანილ, პირსახოცით შემშრალებულ თმაზე თანაბრად დაიტანეთ მასა და გაიჩერეთ 20 წუთით. ჩამოიბანეთ გრილი წყლით.
ამ ნიღბების გამოყენება შესაძლებელია კვირაში 1-2ჯერ, თმის ტიპის გათვალისწინებით.