ლიმფური კვანძები ბავშვებში

ლიმფური კვანძები ბავშვებში

ლიმფური კვანძებილიმფური კვანძები ლიმფური სისტემის ნაწილს წარმოადგენენ და განლაგებულნი არიან კისრის, იღლიების, საზარდულის, მკერდისა და მუცლის მიდამოებში. კვანძები ლიმფურ სითხეს ფილტრავენ, რომელიც სისხლის უჯრედებს, ლიმფოციტებს შეიცავს და ორგანიზმს ინფექციებთან ბრძოლაში ეხმარება.

ზოგჯერ, ვირუსული და ბაქტერიული ინფექციის დროს, ლიმფური კვანძები იზრდებიან – ეს პროცესი ლიმფადენოპათიის სახელითაა ცნობილი. ლიმფური კვანძები შესაძლოა გადიდდნენ სხეულის მხოლოდ ერთ, ან რამდენიმე ნაწილში. ყველაზე ხშირად, ზომაში ზრდა კისრის არეში მდებარე ლიმფურ კვანძებს ახასიათებთ.

რა იწვევს ლიმფური კვანძების გადიდებას ბავშვებში?

ლიმფური სისტემა იმუნური სისტემის ნაწილია. როდესაც ორგანიზმი რაიმე სახის ინფექციას ებრძვის, ლიმფურ კვანძებში უჯრედებისა და სითხის რაოდენობა იმატებს. ეს პროცესი კი მათ ზომაში ზრდას იწვევს.

ლიმფადენოპათია საკმაოდ გავრცელებულია ბავშვებში. მიიჩნევა, რომ ყველა ბავშვს ზრდასრული ასაკის მიღწევამდე, ერთხელ მაინც აღენიშნება ლიმფური კვანძების გადიდება. ამის მთავარი მიზეზი ისაა, რომ იმუნური სისტემა სწორედ ამ ასაკში ყალიბდება და ბავშვებს საკმაოდ ხშირად ემართებათ სხვადასხვა ვირუსული და ბაქტერიული დაავადება.

შესაბამისად, როგორც წესი, ლიმფური კვანძების უმნიშვნელო გადიდება ორგანიზმის ნორმალური პასუხია დაავადებაზე და განსაკუთრებულ მკურნალობას არ საჭიროებს. ვირუსის ან ინფექციის გადატანის შემდეგ, ისინი კვლავ პირვანდელ ზომას უბრუნდებიან.

იმის მიხედვით, თუ სხეულის რა ნაწილში დიდდებიან კვანძები, ექიმებმა შესაძლოა დაადგინონ, თუ სადაა ინფექციის კერა. მაგალითად, ბავშვი, რომელსაც კვანძები ყბის არეში აქვს გადიდებული, შესაძლოა კბილის ან პირის ღრუში არსებულ ინფექციას ებრძოდეს. თუ ლიმფადენოპათია სხეულის რამდენიმე მონაკვეთში ფიქსირდება, გამომწვევი მიზეზი შესაძლოა ისეთი ვირუსი იყოს, როგორიცაა მაგალითად ჩუტყვავილა ან მონონუკლეოზი.

ლიმფური კვანძების გადიდების მაპროვოცირებელი შესაძლოა ასევე იყოს:

  • ვირუსული ან ბაქტერიული ინფექცია
  • ლიმფური კვანძის ან კვანძების მცირე ჯგუფის ინფექცია
  • სიმსივნე, სხვა სიმპტომების არსებობის შემთხვევაში
  • ალერგიული რეაქცია მედიკამენტებზე
  • ბავშვთა ართრიტი

ლიმფადენოპათიის სიმპტომები

ხშირად, ბავშვებში ლიმფური კვანძი ხელის დადებით იგრძნობა და მოძრაობს კიდეც, თუმცა ეს ნორმად ითვლება და რაიმე პრობლემაზე არ მიუთითებს. თუ ლიმფური კვანძები შესამჩნევად იმატებენ ზომაში, დააკვირდით შემდეგ სიმპტომებს:

  • მოძრავი, მზარდი „ბურთულები“ კისრის, იღლიების, საზარდულის, მკერდისა და მუცლის მიდამოებში;
  • კვანძების ტკივილი ან მომატებული მგრძნობელობა შესაბამის არეში;
  • სიწითლე და სიმხურვალის შეგრძნება კვანძების არეში;

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ლიმფოდენოპათია ხშირად ორგანიზმში ინფექციის კერის არსებობაზე მიუთითებს, ამიტომ, დააკვირდით სხვა სიმპტომებსაც და კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს:

  • ტემპერატურის მატება;
  • ყელის ტკივილი, სურდო, ხველა;
  • მადის დაქვეითება;
  • სახსრების ან კუნთების ტკივილი;
  • დაღლილობა;
  • თავის ტკივილი;
  • წონაში კლება;
  • გამონაყარი.

როგორც ხდება ლიმფადენოპათიის დიაგნოზის დასმა?

ვიზიტის დროს პედიატრი დაინტერესდება ბავშვის ზოგადი ჯანმრთელობის მდგომარეობითა და ახლანდელი ჩივილებით. გაიხსენეთ, როდის და რა თანმიმდევრობით დაიწყო სიმპტომატიკის გამოვლენა, ჰქონდა თუ არა ბავშვს კონტაქტი ინფიცირებულ პირებთან.

ექიმი გასინჯავს პაციენტს, შეაფასებს ლიმფური კვანძების მდებარეობასა და ზომებს. მოსალოდნელია, რომ საჭირო იქნება დამატებითი კვლევების ჩატარება გამომწვევი მიზეზის დასადგენად. ეს შეიძლება იყოს სისხლის ანალიზი ან სხვა ლაბორატორიული ანალიზები, რენტგენი, კვანძის ბიოფსია და ა.შ. შესაძლოა საჭირო გახდეს სხვა სპეციალისტების კონსულტაციაც.

როგორია მკურნალობა?

მკურნალობის მეთოდი დამოკიდებულია კვანძების გადიდების გამომწვევ მიზეზზე. უმეტეს შემთხვევაში, კვანძები ყოველგვარი დამატებითი ჩარევის გარეშე უბრუნდებიან პირვანდელ ზომას, თუმცა ექიმის დანიშნულების მიხედვით, შესაძლოა დაგჭირდეთ სხვადასხვა მედიკამენტი.

მკურნალობის კურსის დასრულების შემდეგ, გაიარეთ განმეორებითი კონსულტაცია ექიმთან. ის კიდევ ერთხელ გასინჯავს ბავშვს და დარწმუნდება, რომ ლიმფური კვანძები პირვანდელ ზომას დაუბრუნდნენ.

 

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *