ორსულობა – ორსულობის პირველი თვე

ორსულობის პირველი თვე

ორსულობის პირველი თვე დიდი ალბათობით ისე ჩაივლის, რომ არ გეცოდინებათ თუ რა დიდი ამბები ხდება თქვენს სხეულში. უცნაურად ჟღერს, მაგრამ ორსულობა იქამდე იწყება, სანამ კვერცხუჯრედი განაყოფიერდება. სწორედ ამიტომ, თუ თვის ბოლოს ექიმთან მიხვალთ, ის

თქვენი ბოლო მენსტრუაციის პირველი დღიდან დაითვლის ორსულობის ვადას.

ორსულობის პირველ ორ კვირაში სხეული ოვულაციისთვის და განაყოფიერებისთვის ემზადება. კვერცხუჯრედის განაყოფიერება დაახლოებით მესამე კვირაში ხდება. ამის შემდეგ, განაყოფიერებულ კვერცხუჯრედს, რომელიც უკვე რამდენიმე უჯრედისგან შედგება, 3-4 დღე სჭირდება რომ საშვილოსნომდე მიაღწიოს და კიდევ 2-3 დღე, რომ მის კედელზე მიმაგრდეს. ამ დროისთვის, სქესი უკვე განსაზღვრულია, თუმცა თქვენ ამის შესახებ მხოლოდ მე-14 კვირას გაიგებთ.

პირველი თვის ბოლოს, მე-4 კვირაში თქვენი შვილი უჯრედების უკვე ორი შრისგან შედგება – ეპიბლასტის და ჰიპობლასტისგან. ამ ორი შრიდან მისი ყველა ორგანო იწყებს ჩამოყალიბებას.

1-ლი თვის სიმპტომები:

მენსტრუაციის მსგავსი სიმპტომები – ბევრი ქალი აღნიშნავს, რომ ორსულობის სიმპტომები ძალიან ჰგავს მენსტრუაციის სიმპტომებს: ხასიათის ცვლილება, ტკივილი მუცლის არეში და შებერილობა – ეს ყველაფერი ჰორმონალური ცვლილებების ბრალია.

მცირე სისხლიანი გამონადენი – თუ ფიქრობთ რომ ორსულად ხართ სისხლი ალბათ ბოლოა, რასაც ელოდებით, მაგრამ ზოგჯერ მცირე რაოდენობის სისხლიანი გამონადენი იმის ნიშანია, რომ განაყოფიერებული კვერცხუჯრედი საშვილოსნოს კედელს მიემაგრა. ეს ნორმალურია.

თუ დიდი რაოდენობის სისხლდენა გაქვთ, თავბრუ გესხმით ან ძლიერ ტკივილს გრძნობთ აუცილებლად დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს – ეს შეიძლება გარე ორსულობის ან ორსულობის შეწყვეტის სიმპტომები იყოს.

მგრძნობელობის მომატება მკერდში – ორსულობის ერთ-ერთი ყველაზე ადრეული ნიშანია. ეს შეგრძნება ჰორმონებითაა გამოწვეული და შეიძლება მთელი პირველი ტრიმესტრის მანძილზე გაგრძელდეს.

მგრძნობელობის მომატება სუნების მიმართ – ბევრი ქალი მთელი ორსულობის განმავლობაში განსაკუთრებულად მგრძნობიარეა სუნების მიმართ. შეიძლება შეგიყვარდეთ ისეთი სუნი, რომელიც აქამდე გაღიზიანებდათ და შეგძულდეთ ის, რომელიც აქამდე ძალიან მოგწონდათ.

დაღლილობა – თქვენი სხეული გაორმაგებული ძალებით მუშაობს, ამიტომ არ უნდა გაგიკვირდეთ თუ დაღლილობას და ძილიანობას იგრძნობთ. თუ ამის შესაძლებლობა გაქვთ, დაუჯერეთ თქვენს სხეულს და ნუ გადაიტვირთებით.

გულისრევის შეგრძნება ან გულისრევა – ე.წ. ტოქსიკოზი ორსულობის გავრცელებული სიმპტომია. ზოგ ქალს ის არასდროს აწუხებს, ზოგი კი 9 თვის განმავლობაში უჩივის გულისრევის შეგრძნებებს. საშუალოდ, ტოქსიკოზი პირველი ტრიმესტრის დასასრულს გადაგივლით.

ზომები:

წარმოგიდგენთ საშუალო სიგრძესა და წონას ორსულობის 1-ელ თვეში (1-4 კვირები)

1-3 კვირა – თქვენი შვილი ჯერ ძალიან პატარაა იმისთვის, რომ მის ზომებზე რამე გითხრათ J

მე-4 კვირა – თქვენი პატარა ყაყაჩოს თესლის ზომისაა! ეს დაახლოებით 0.36-1 მმ და 1.13 გრამია.

რჩევები:

მიიღეთ ფოლიუმის მჟავა ან ვიტამინების კომპლექსი ორსულებისთვის – თუ ორსულობას გეგმავთ, ან ფიქრობთ, რომ შეიძლება ორსულად იყოთ, აუცილებლად მიიღეთ ფოლიუმის მჟავა. ამით თქვენ 70%-ით შეამცირებთ გარკვეული თანდაყოლილი დეფექტების რისკს. თქვენი ცხოვრების წესიდან გამომდინარე, ექიმმა შეიძლება ვიტამინების კომპლექსიც დაგინიშნოთ, რომ ბავშვმა ყველა საჭირო ვიტამინი და მინერალი მიიღოს, რაც ჩამოყალიბებისთვის სჭირდება.

გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან – უმჯობესია, თუ ორსულობამდე გაივლით ექიმთან კონსულტაციას და გაიკეთებთ შესაბამის ანალიზებს. ასე თქვენი სხეული ორსულობას მაქსიმალურად მომზადებული შეხვდება. დაუსვით ექიმს ყველა კითხვა რაც გაწუხებთ. დარწმუნდით, რომ მედიკამენტები რომლებსაც იღებთ უსაფრთხოა.

უარი თქვით ალკოჰოლსა და ნიკოტინზე – არ დაიჯეროთ, თუ ვინმე გეტყვით რომ ერთი ჭიქა ალკოჰოლი უსაფრთხოა. კვლევებით დასტურდება, რომ დედებს რომლებიც ორსულობის განმავლობაში სვამენ ან/და ეწევიან მცირე წონის ბავშვები უჩნდებათ, ან დროზე ადრე ეწყებათ მშობიარობა. ამ ჩვევებმა შესაძლოა სხვა თანდაყოლილი დეფექტები ან განვითარების შეფერხებაც გამოიწვიოს.

თუ თქვენ იქამდე მიიღეთ ალკოჰოლი და ნიკოტინი სანამ ორსულობის შესახებ გაიგებდით, არ ინერვიულოთ. დიდი ალბათობით, თქვენს შვილს ამით არაფერი დაშავებია, თუმცა ეცადეთ, მომავალში მავნე ჩვევებზე უარი თქვათ.

იკვებეთ სწორად – ახლა კარგი დროა თქვენს მენიუში ცვლილებების შესატანად. ეცადეთ იკვებოთ ჯანსაღად და დაბალანსებულად. დარწმუნდით, რომ ყველა საჭირო ვიტამინს იღებთ.

იყავით აქტიური – ორსულობა ორგანიზმისთვის დიდი დატვირთვაა. ეცადეთ თქვენს დღის რეჟიმში მსუბუქი ფიზიკური აქტივობა ჩართოთ და სხეული ამ დატვირთვისთვის მოამზადოთ. თუ აქამდე არ გივარჯიშიათ, ეცადეთ ზომიერება შეინარჩუნოთ. დღეში 30 წუთის მანძილზე საშუალო ტემპით სიარული უკვე კარგია.

მოაგროვეთ ინფორმაცია – გაარკვიეთ, რა არის უსაფრთხო და რა – არა ორსულობის დროს. ეცადეთ, ინფორმაციისთვის არა ნათესავებს და ახლობლებს, არამედ მეცნიერულად დადასტურებულ კვლევებს და ექიმებს მიმართოთ.

ასევე, შეარჩიეთ ექიმი და კლინიკა, სადაც აღრიცხვაზე იქნებით, გაიკეთებთ გეგმიურ ანალიზებს და გაივლით კონსულტაციებს.

გაიკეთეთ ორსულობის ტესტი – პირველი თვის ბოლოს, დარწმუნდით, რომ ნამდვილად ორსულად ხართ. ციკლის გადაცდენიდან დაახლოებით 1 კვირაში ტესტი თქვენს ეჭვებს დაადასტურებს, ან უარყოფს.