ორსულობის მეორე თვე

ორსულობა – ორსულობის მეორე თვე

ორსულობის მეორე თვეში თქვენი პატარა ძალიან დაკავებულია. ამ თვეში ის პლაცენტის, შინაგანი ორგანოებისა და ნერვული სისტემის ჩამოყალიბებას იწყებს. თუ მე-7 ან მე-8 კვირისთვის ექოსკოპიას დაგეგმავთ, დიდი ალბათობით გულისცემასაც მოისმენთ.

ასევე, იწყება თქვენი პატარას სახის ნაკვთების, თვალების, ხელებისა და ფეხების ჩამოყალიბება. მე-7 კვირის ბოლოს კი თქვენს შვილს უკვე ექნება ჭიპლარი, რომელიც მომდევნო თვეების განმავლობაში მისი კვებისა და ჟანგბადის წყარო იქნება. მე-8 კვირის ბოლოს თქვენს შვილს უკვე ყველა ორგანო თავის ადგილას ექნება. ის უკვე მოძრაობასაც იწყებს, თუმცა ჯერ თქვენ ამას ვერ იგრძნობთ.

მეორე თვის სიმპტომები:

იცვლება დამოკიდებულება საკვების მიმართ – ბევრი ორსულს მეორე თვიდან უცნაური სურვილები უჩნდება. შეიძლება მოგინდეთ ისეთი საჭმელი, რომელიც აქამდე არ გიყვარდათ და შეგძულდეთ ისეთი რამ, რის გარეშეც ვერ ძლებდით.

დაღლილობა – თქვენი სხეული ორმაგად მუშაობს და სრულიად ახალი ორგანოების შექმნითაა დაკავებული. ამიტომ შესაძლოა უცნაური დაღლილობა იგრძნოთ, მაშინაც კი თუ თავს მინიმალურად იტვირთავთ. დაუჯერეთ თქვენს ორგანიზმს და ეცადეთ დაისვენოთ.

გულისრევის შეგრძნება – ტოქსიკოზმა შესაძლოა დღის ნებისმიერ მონაკვეთში შეგახსენოთ თავი. თქვენი მდგომარეობის შესამსუბუქებლად ეცადეთ ხშირად და მცირე ულუფებით იკვებოთ და შეარჩიოთ ისეთი საჭმელი, რომელიც მოგწონთ.

მომატებული ნერწყვიანობა – კიდევ ერთი უცნაური სიმპტომი, რომელიც ჰორმონებს უკავშირდება. უშაქრო საღეჭი რეზინი ამ სიმპტომის კონტროლში დაგეხმარებათ.

ხშირი შარდვა – შეიძლება გარეგნულად არაფერი გეტყობოდეთ, მაგრამ საშვილოსნოს ზრდა უკვე დაწყებული აქვს და სავარაუდოდ თქვენს შარდის ბუშტს უკვე საგრძნობლად ავიწროვებს.

გულძმარვა – ეს სიმპტომი თითქმის ყველა ორსულს აწუხებს რომელიმე ტრიმესტრში. იმისათვის, რომ შვება იგრძნოთ, ეცადეთ ნელა მიირთვათ საჭმელი, იკვებოთ ხშირად და მცირე ულუფებით, არ ჩაიცვათ ვიწრო ტანსაცმელი და თუ გულძმარვა მაინც შეგაწუხებთ, მიირთვათ ჯინჯერის (კოჭა/ჯანჯაფილი) ჩაი.

მენსტრუაციის მსგავსი ტკივილი – როგორც წესი, ასეთი ტკივილის შეგრძნება საშიში არაა და ხშირად გამოწვეულია საშვილოსნოს ზრდისგან. თუ ტკივილი ძლიერია ან სხვა სიმპტომები (სისხლდენა, თავბრუსხვევა, მხრების და კისრის ტკივილი) ახლავს თავს, აუცილებლად დაურეკეთ ექიმს.

კუჭის პრობლემები – შებერილობა, შეკრულობა და სხვა სახის პრობლემები ორსულებში ძალიან ხშირია. არ მიიღოთ მედიკამენტები ექიმთან კონსულტაციის გარეშე.

ზომები:

წარმოგიდგენთ საშუალო სიგრძესა და წონას ორსულობის მეორე თვეში (5-8 კვირები)

მე-5 კვირა – თქვენი პატარა სეზამის მარცვლის ზომისაა, ეს ნიშნავს რომ ის 0.33 სანტიმეტრის სიგრძისაა.

მე-6 კვირა – მუხუდოს მარცვალი – ეს დაახლოებით 0.63 სანტიმეტრია.

მე-7კვირა – მოცხარი – თქვენი პატარა სწრაფად იზრდება, ის უკვე 1.3 სანტიმეტრია.

მე-8 კვირა – ლობიოს მარცვალი – თქვენი შვილი 1.6 სანტიმეტრია სიგრძეში და 1 გრამს იწონის.

რჩევები:

დაგეგმეთ ვიზიტი სტომატოლოგთან – როდესაც ორსული საკმარის კალციუმს საკვებიდან არ იღებს, ორგანიზმი თავის მარაგებს მიმართავს. ამის გამო, შესაძლოა თქვენს კბილებს საფრთხე შეექმნათ. ამიტომ, განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ პირის ღრუს ჰიგიენას.

ყურადღება მიაქციეთ დიეტას – გაარკვიეთ, რომელი საკვები არ შეიძლება ორსულებისთვის და ამოიღეთ ისინი თქვენი რაციონიდან. ეს საკვებია: არაპასტერიზებული პროდუქტები, უმი კვერცხი, თევზი (მაგ. სუში), არასათანადოდ მომზადებული ხორცი, ძეხვეული და ა.შ.

იყავით ფიზიკურად აქტიური – ზომიერი ვარჯიში ორსულებისთვის ძალიან სასარგებლოა. თუ აქამდე არასდროს გივარჯიშიათ დაიწყეთ მსუბუქი სეირნობით.

გადახედეთ თქვენი კოსმეტიკის და ჰიგიენის საშუალებებს – ორსულობის დროს შესაძლოა თქვენმა კანმა სტრუქტურა შეიცვალოს, გაგიჩნდეთ ლაქები და აკნე, მაგრამ მათ მკურნალობას ფრთხილად უნდა მიუდგეთ. ყველაზე მავნებელი ინგრედიენტებია ვიტამინი ა, სალიცილის მჟავა და ბენზოლის პეროქსიდი. ეს ინგრედიენტები ძირითადად აკნეს სამკურნალო და დაბერების საწინააღმდეგო კოსმეტიკაში გამოიყენება.

გამოიყენეთ მზისგან დამცავი კრემი – როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ორსულები ხშირად უჩივიან ყავისფერი ლაქების გაჩენას. ამ მდგომარეობას მელაზმა ჰქვია და მას მზეზე ყოფნა იწვევს. ამიტომ აუცილებელია გამოიყენოთ მზისგან დამცავი კრემი ყოველთვის, როცა მზეზე ყოფნა გიწევთ.