ორსულობის 11 ნიშანი – ორსულად ვარ?

ორსულობის 11 ნიშანი – ორსულად ვარ?

ორსულად ვარ? ორსულობის ზოგიერთი ადრეული სიმპტომი დაახლოებით იმ დროისთვის ვლინდება, როდესაც მენსტრუაციას ელოდებით.

ქალების დაახლოებით 60% ამ სიმპტომებიდან ზოგიერთს 6 კვირის ვადაზე გრძნობს, მათი 90% კი 8 კვირის ვადაზე.

თუ ზუსტად არ გახსოვთ ბოლო მენსტრუაციის თარიღი, ან არარეგულარული ციკლი გაქვთ, მაგრამ ქვემოთ ჩამოთვლილს სიმპტომებს გრძნობთ, უმჯობესია ორსულობის ტესტი გაიკეთოთ.

მადის ცვლილება

ორსულობის პირველ კვირებში ქალები ხშირად უჩივიან საკვების სუნის მიმართ მგრძნობელობის მომატებას. ძეხვიანი სენდვიჩის ან თუნდაც ყავის სურნელმა შეიძლება გულისრევის შეგრძნება გამოიწვიოს, მაშინაც კი თუ დილა კოფეინის გარეშე აქამდე ვერ წარმოგედგინათ. მეცნიერებმა ზუსტად არ იციან ასე რატომ ხდება, მაგრამ ვარაუდობენ რომ ეს ორგანიზმში ესტროგენის სწრაფი მომატების გვერდითი ეფექტია. ასევე, შეიძლება უეცრად აღმოაჩინოთ რომ საკვები რომელიც აქამდე მოგწონდათ, ახლა გაღიზიანებთ და ეს ნორმალურია.

ხასიათის ცვლილება

ჰორმონალური ცვლილებები ბევრ რამეზე მოქმედებს, მათ შორის ხასიათის ცვალებადობაზე. ეს ცვლილებები ინდივიდუალურია და სხვადასხვა ადამიანზე სხვადასხვანაირად მოქმედებს, ზოგი ქალი ამ დროს ყველა ემოციას უფრო მძაფრად განიცდის, როგორც დადებითს, ასევე უარყოფითს, ზოგი კი შფოთვასა და დეპრესიულ განწყობას უჩივის.

შენიშვნა: თუ თავს უიმედოდ და შეშინებულად გრძნობთ, გიჭირთ თქვენი ყოველდღიური მოვალეობების შესრულება ან ფიქრობთ რომ შესაძლოა საკუთარ თავს რაიმე დაუშავოთ, აუცილებლად მიმართეთ ფსიქიკური ჯანმრთელობის სპეციალისტს.

მუცლის შებერილობა

ნაყოფი ჯერ ძალიან პატარაა, მაგრამ თქვენს ძველ ტანსაცმელში თავს კომფორტულად ვეღარ გრძნობთ? ამისთვისაც ჰორმონებს უნდა უმადლოდეთ. ცვლილებებმა შესაძლოა შებერილობაც გამოიწვიონ.

ხშირი შარდვა

ორსულობის დროს თქვენს სხეულში სისხლის მოცულობა მნიშვნელოვნად იმატებს, რაც ორგანიზმში მიმდინარე სხვა პროცესებთან ერთად ხშირ შარდვას იწვევს. დიდია შანსი, რომ ეს შეგრძნება მთელი ორსულობის განმავლობაში გექნებათ, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საშვილოსნო მოცულობაში გაიზრდება და თქვენს შარდის ბუშტს დააწვება.

დაღლილობა

უეცრად უცნაურ დაღლილობას გრძნობთ? ზუსტად არავინ იცის რატომ, მაგრამ ექიმები ვარაუდობენ რომ ჰორმონი პროგესტერონის ზრდა ძილიანობას და დაღლილობას იწვევს. თუ ამას ტოქსიკოზი და ღამის განმავლობაში ხშირი შარდვაც ემატება, გამაგრდით!

მეორე ტრიმესტრში ქალების უმეტესობა თავს უფრო ენერგიულად გრძნობს, თუმცა ორსულობის ბოლო თვეებში, როცა თქვენი წონა იმატებს დაღლილობა ბრუნდება.

ცვლილებები მკერდში

ორსულობის ერთ-ერთი გავრცელებული ადრეული სიმპტომი მკერდის ზომაში ზრდა და მგრძნობელობის მომატებაა. ზოგი ქალი ამას მენსტრუაციის წინა პერიოდშიც გრძნობს, თუმცა ორსულობის დროს ცვლილება უფრო შესამჩნევია. დისკომფორტი მეორე ტრიმესტრიდან სავარაუდოდ მოგეხსნებათ, მაშინ, როცა თქვენი სხეული ჰორმონალურ ცვლილებებს მეტნაკლებად შეეგუება.

მცირე რაოდენობის სისხლიანი გამონადენი

უცნაურად ჟღერს: თუ ორსულობას ელოდებით სისხლიანი გამონადენი ბოლოა, რისი შემჩნევაც გინდათ. ამის მიუხედავად, თუ ძალიან მცირე რაოდენობის გამონადენს შენიშნავთ, ეს შესაძლოა ნაყოფის საშვილოსნოს კედელზე მიმაგრების ნიშანი იყოს. არავინ იცის ასე რატომ ხდება, თუმცა 4-დან ერთ ქალს ეს სიმპტომი აღენიშნება.

შენიშვნა: თუ დიდი რაოდენობის გამონადენი გაქვთ, განიცდით ტკივილს ან თავბრუსხვევას ეს შესაძლოა ორსულობის შეწყვეტის ან გარე ორსულობის ნიშანი იყოს. თუ ეჭვი გეპარებათ, აუცილებლად მიმართეთ ექიმს.

გულისრევის შეგრძნება

ზოგიერთ ქალს ტოქსიკოზი განაყოფიერებიდან ერთ ან ორ თვეში ეწყება, ზოგს კი ორი კვირის ვადაზე. გულისრევის შეგრძნება (ან გულისრევა) შეიძლება გქონდეთ დღის ნებისმიერ დროს, დილას, შუადღისას ან საღამოს.

ორსული ქალების უმეტესობას მეორე ტრიმესტრიდან ტოქსიკოზი აღარ აწუხებს, თუმცა ზოგისთვის ეს მთელი ცხრა თვის მანძილზე გრძელდება. ზოგიერთი იღბლიანი კი საერთოდ არ უჩივის ტოქსიკოზს.

გამოტოვებული მენსტრუაცია

თუ რეგულარული ციკლი გაქვთ და ახლა ფიქრობთ რომ მენსტრუაცია რამდენიმე დღეა აგვიანებს, შესაძლოა გადაწყვიტოთ რომ ტესტი იქამდე გაიკეთოთ სანამ ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომებიდან რომელიმეს იგრძნობთ. თუ ციკლი არარეგულარულია, ან არ გახსოვთ ბოლო მენსტრუაციის თარიღი, ამ სიმპტომებმა შესაძლოა მიგანიშნოთ, რომ ტესტის გაკეთების დროა.

მაღალი ბაზალური ტემპერატურა

თუ თქვენს ბაზალურ ტემპერატურას აკონტროლებთ და ხედავთ რომ ბოლო ორი კვირის მანძილზე ის ნორმაზე მაღალი იყო, სავარაუდოდ ორსულად ხართ.

დადებითი ორსულობის ტესტი

იმის მიუხედავად, თუ რა წერია შეფუთვაზე, ორსულობის ტესტების უმეტესობა ციკლის გადაცდენიდან ერთ კვირაზე ადრე სანდო პასუხს არ აჩვენებს. თუ უფრო ადრე გადაწყვეტთ მის გაკეთებას და ნეგატიურ პასუხს მიიღებთ, რამდენიმე დღე მოიცადეთ და ისევ სცადეთ. გახსოვდეთ, რომ ბავშვი განვითარებას იქამდე იწყებს ვიდრე თქვენ მისი არსებობის შესახებ გაიგებთ, ამიტომ იზრუნეთ საკუთარ თავზე და დაელოდეთ სიმპტომების გამოვლინებას.

თუ პასუხი დადებითია, დაგეგმეთ ვიზიტი ექიმთან, იქამდე კი გადახედეთ სხვა მასალას ჩვენს საიტზე. გილოცავთ!

 

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *