ჩვილი ბავშვის მოვლა

ჩვილი ბავშვის მოვლა

ჩვილის მოვლაჩვილი ბავშვის მოვლა არ არის მარტივი. ახალშობილ ბავშვთან ცხოვრების, პირველი რამდენიმე თვე, შესაძლოა ქაოტური იყოს, განსაკუთრებით მაშინ, თუ ეს თქვენი პირველი შვილია.

ამ პერიოდში, უამრავ ურთიერთსაწინააღმდეგო რჩევას მიიღებთ ახლობლებისგან და ნათესავებისგან ბავშვის მოვლის წესებზე. ზოგი მათგანი გამოგადგებათ, ზოგი კი საერთოდ არ უნდა გაითვალისწინოთ.

იმის განსაზღვრა, თუ რომელი რჩევებია ყურადსაღები და რომელი არა, შესაძლოა, დამაბნეველი იყოს.

ახალდაბადებული ბავშვის მოვლა დამღლელია, ამ დროს თქვენ უდიდესი გამოწვევის წინაშე დგებით, მაგრამ, ასევე, ეს არის თქვენს ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე საოცარი გამოცდილება.

ამ სტატიაში, ჩვენ მოგცემთ რამდენიმე რჩევას ახალშობილი ბავშვის მოვლასთან დაკავშირებით, რომელიც აუცილებლად გამოგადგებათ:

ბავშვის კვება

ბავშვის დროული გამოკვება ძალიან მნიშვნელოვანია. ახალშობილი უნდა გამოიკვებოს ყოველ 2-3 საათში, რაც ნიშნავს იმას, რომ 24 საათის განმავლობაში, მას 8-12-ჯერ უნდა აჭამოთ.

ძუძუთი კვებისას, თუკი პატარა მას სწორად წოვს, თქვენ არ უნდა იგრძნოთ დვრილების ტკივილები და გამოკვების შემდეგ სიმჩატის შეგრძნება უნდა დაგრჩეთ, რაც იმას ნიშნავს, რომ თქვენმა ბავშვმა საკმარისი საკვები მიიღო.

ჩვილის ძუძუთი გამოკვება მინიმუმ 6 თვეა რეკომენდირებული, რადგან ძუძუს რძე მას ეხმარება გაზრდაში და მოღონიერებაში.

თუკი პატარა ძუძუთი კვებაზე არ გყავთ, მაშინ, საჭიროა, ექიმის დანიშნულ კვების რაციონს მიჰყვეთ. ჩვილმა ბავშვმა 60მლ-90მლ-მდე საკვები უნდა მიიღოს.

ხელში დაჭერა

მნიშვნელოვანია, რომ  თქვენი პატარას ხელში აყვანისას, მეორე ხელით დაუჭიროთ თავი, რადგან მისი კისრის კუნთები ჯერ კიდევ არ არის იმდენად ძლიერი, რომ დამოუკიდებლად შეძლოს თავის დაჭერა. ხერხემალიც, ჯერ კიდევ, იზრდება და ძლიერდება.

დამოუკიდებლად თავის დაჭერას ჩვილი ბავშვი მხოლოდ 3 თვის ასაკის შემდეგ შეძლებს. ამიტომაც, ყურადღება მიაქციეთ ახალშობილის თავს და კისერს მისი მოვლისას.

ჭიპლარის მოვლა

პირველ თვეში, ახალშობილის მოვლის მნიშვნელოვან ასპექტს ჭიპლარის მოვლა წარმოადგენს. დაბანის შემდეგ კარგად გაამშრალეთ ის ნაწილი ისე, რომ სრულიად მშრალი და სუფთა იყოს. გაიკეთეთ ხელების დეზინფექცია, სანამ შეეხებით.

ერიდეთ ინფექციის გავრცელებას, თუკი შენიშნავთ სიწითლეს, შეშუპებას, სუნს ან გამონადენს, აუცილებლად წაიყვანეთ ბავშვი პედიატრთან.

საფენის გამოცვლა

საფენების ხშირი გამოცვლა ძალიან მნიშვნელოვანია ახალშობილის მოვლისას. თქვენ, შესაძლოა, 10-ჯერაც მოგიწიოთ მისი გამოცვლა, ამისთვის კი, დაგჭირდებათ ზეწარი, რომელზეც დააწვენთ თქვენს პატარას, ნაზი სველი ხელსახოცები, საფენის შიგნით წასასმელი გამონაყარის საწინააღმდეგო კრემი, პუდრი და ახალი საფენი.

თუკი თქვენი ახალშობილი გოგოა, მაშინ აუცილებელია მისი გაწმენდა წინიდან უკანა მიმართულებით, რათა თავიდან ავირიდოთ საშარდე გხების ინფექცია.

მიეცით საშუალება თქვენს პატარას, რომ დროის გარკვეული მონაკვეთი საფენების გარეშეც გაატაროს.

დაკავშირებული სტატია:  ბავშვის საფენები – როგორ ჩავაცვათ?

ბავშვის ბანაობა

ახალშობილის ბანაობა ძალიან დელიკატური ამოცანაა. პატარა კვირაში მხოლოდ 2-3ჯერ უნდა აბანაოთ, მხოლოდ მას შემდეგ, რაც ჭიპლარი თავისით ჩამოსძვრება.

აბაზანის მიღება ძილის წინ უკეთესია, რადგან თქვენს შვილს ჩაძინებაშიც დაეხმარება. ბანაობამდე, დარწმუნდით, რომ ყველაფერი წინასწარ გაქვთ მზად.

ბშეარჩიეთ რბილი ქსოვილები – სპონჟი და პირსახაცი. დაბანეთ ფრთხილი მოძრაობებით, სთხოვეთ მეუღლეს ან ოჯახის წევრს დახმარების ხელი, იმისთვის, რომ დაიჭიროს მისი თავი და კისერი მანამ, სანამ თქვენ დაბანთ, ან პირიქით.

ჩამობანეთ თბილი წყლით და გაახვიეთ რბილ პირსახოცში. გაამშრალეთ ნაზი მოძრაობებით, თუმცა საფუძვლიანად. წაუსვით ლოსიონი და ჩააცვით ახალი საფენი და ტანსაცმელები.

დაკავშირებული სტატია: ბავშვის ჰიგიენის 7 ოქროს წესი

ძილი

ახალშობილებს პირველი 2 თვის განმავლობაში, უნდა ეძინოთ დაახლოებით 16 საათი დღეში. მათ სძინავთ 2-4სთ-მდე და იღვიძებენ მაშინ, როდესაც გრძნობენ შიმშილს ან სისველეს. რადგანაც ჩვილს ყოველ 3 საათში უნდა კვება, ამისთვის შესაძლოა მისი გაღვიძებაც მოგიწიოთ, რათა დროულად გამოკვებოთ.

ნუ იღელვებთ, თუკი თქვენი პატარა არ მიჰყვება იდეალური ძილის ნორმებს. ყველა ბავშვი განსხვავებულია და მათ ინდივიდუალური მიდგომა სჭირდებათ.

არ უნდა დაგვავიწყდეს, ძილის დროს, ბავშვის თავის პოზიციის შეცვლა, რათა თავიდან ავირიდოთ დაბრტყელებული ფორმები.

დედისთვის ძალიან კარგია, თუკი ის პატარასთან ერთად, თავადაც დაიძინებს მოკლე დროით, რათა აღიდგინოს ენერგია.

დაკავშირებული სტატია: ახალშობილი ბავშვის ძილის საიდუმლო

გახსოვდეთ, ყველა ბავშვი ინდივიდუალურია და მათ ინდივიდუალური მიდგომა სჭირდებათ. ეს რჩევები, რა თქმა უნდა, გამოგადგებათ, მაგრამ, უმეტესად, მიენდეთ მშობლის ინსტინქტებს, ეცადეთ უკეთ გაიცნოთ თქვენი შვილი და გაიგოთ მისი სურვილები, თუ შფოთვები.