ძიძის შერჩევა – როგორ შევარჩიოთ ძიძა?
დედები ცდილობენ მაქსიმალურად დიდი დრო გაატარონ ახალდაბადებულ ბავშთან, თუმცა დგება მომენტი, როდესაც მშობელს უწევს გავიდეს სამსახურში, ასეთ დროს საჭირო ხდება ძიძის აყვანა.
ამ სტატიაში ვისაუბრებთ, როგორ შევარჩიოთ ძიძა და რას უნდა მივაქციოთ განსაკუთრებული ყურადღება.
ძიძის სწორად შერჩევა ადვილი საქმე როდია, იგი საჭიროებს საკმაოდ დიდ ყურადღებასა და დაფიქრებას, იგი ხომ სახლში უნდა შემოუშვათ და თქვენი პატარა ჩააბაროთ.
სად მოვიძიოთ ძიძები?
ძიძების მოძიება ყველაზე ეფექტურად შესაძლებელია, როგორც ნაცნობობით, ასევე სააგენტოებისა და ვებ-საიტების მეშვეობით.
თუმცა რა გზითაც არ უნდა იყოს მოძიებული ძიძა, მნიშვნელოვანია მასთან დეტალური გასაუბრება, რათა ნამდვილად დარწმუნდეთ, რომ ეს არის სწორედ ის ადამიანი, რომელიც თქვენ გჭირდებათ.
რა პირობებზე უნდა შეუთანხმდეთ ძიძას?
თუ გადაწყვიტეთ ძიძის აყვანა, პირველ რიგში შეუთანხმდით ისეთ საკითხებზე, როგორიცაა სამუშაო გრაფიკი, ანაზღაურება და მისი ვალდებულებები.
მნიშვნელოვანია გაცნობიერებული გქონდეთ, რომ კარგი ძიძა არა მხოლოდ ბავშვის საბაზისო საჭიროებებზე ზრუნავს (კვება, დაბანა, გართობა), არამედ მისი მთავარი მიზანი უნდა იყოს ბავშვის აღზრდა, მისი პიროვნული ჩამოყალიბების საფუძვლების შექმნა.
გასაუბრებისას განსაზღვრეთ სამაგალითო სიტუაცია და კითხეთ ძიძობის კანდიდატს, თუ როგორ მოიქცეოდა, მაგალთად ბავშვი ტირის ან სიცხე აქვს, ჯიუტობს და არ უჯერებს მას, რა გზებს მონახავდა ასეთ ვითარებებში.
პასუხიდან გამომდინარე, ბევრი რამ გახდება თქვენთვის ნათელი, გაიცნობთ მის აზროვნებას და უფრო მარტივი იქნება გადაწყვეტილების მიღება.
თუ მოგეწონათ ძიძა და გადაწყვიტეთ მისი აყვანა, შეუთანხმდით გამოსაცდელ პერიოდზე, რომლის განმავლობაშიც მოხდება ურთიერთშეფასება და ადაპტაცია. გამოსაცდელი ვადა შესაძლებელია იყოს 2-4 კვირა.
ძიძის ადაპტრაცია
მნიშვნელოვანია თავიდანვე ძალიან არ გაუშინაურდეთ ძიძას და არ აგრძნობინოთ თავი როგორც საკუთარ სახლში, რადგან ეს გამოიწვევს მისი მხრიდან სამუშაოს არაჯეროვნად შესრულებას, რაც საბოლოო ჯამში კონფლიქტს მიზეზი გახდება თქვენ შორის.
შეეცადეთ, თავიდანვე გარკვეულ ჩარჩოებში ჩასვათ თქვენი ურთიერთობა და კომუნიკაცია, მას გაცნობიერებული უნდა ჰქონდეს საკუთარი მოვალეობები და ზღვარი, რომელსაც თქვენ ადგენთ.
კარგი იქნება, თუ სამუშაოს დაწყების პირველი ორი კვირის განმავლობაში, განახორციელებთ ძიძის მეთვალყურეობას, გააკონტროლებთ მის მუშაობის პროცესს და დაეხმარებით სხვადასხვა ნიუანსის გარკვევაში.
ყურადღება მიაქციეთ, რომ ძიძასა და ბავშვს არ ჰქონდეთ ხშირი და ახლო ფიზიკური კონტაქტი: ხშირი კოცნები, ბავშვის დაძინებისას ერთად დაწოლა, და ა.შ. ასეთი ქმედებით ბავშვი ძალიან მიეჩვევა მას და რთული იქნება განშორება. აღნიშნული, რა თქმა უნდა, არ ნიშნავს იმას, რომ ძიძა არ უნდა მოეფეროს ბავშვს.
ერთ-ერთი ყველაზე ყურადსაღები საკითხია ბავშვის დასჯა. იმისათვის, რომ ამ კუთხით გარკვეულ სიურპრიზებს არ წააწყდეთ, მნიშვნელოვანია თავიდანვე განსაზღვროთ ბავშვის დასჯის მეთოდები, რა არის თქვენთვის მისაღები და რა არა.
ვის უნდა მივანიჭოთ უპირატესობა?
ძიძის შერჩევისას უპირატესობის მინიჭება ინდივიდუალური საკითხია, მხოლოდ სპეციალობის ან გამოცდილების მიხედვით არჩევანის გაკეთება არ არის სწორი.
შესაძლებელია პირს ჰქონდეს მედდის, პედაგოგის ან ფსიქოლოგის განათლება, თუმცა არ გააჩნდეს შესაბამისი ცოდნა და უნარები. მოგეხსენებათ საქართველოში დიპლომს რეალური ღირებულება ხშირ შემთხვევაში არ გააჩნია.
ჩვენი რჩევა იქნება, რაც შეიძლება მეტი ესაუბროთ ძიძობის კანდიდატს, მიმოიხილოთ სხვადასხვა საკითხი, წარსული გამოცდილება, უნარ-ჩვევები და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები.
საუბარში აუცილებლად გამოვლინდება რამდენად გულწრფელია პიროვნება, რამდენად წარმატებით მუშაობდა მსგავს პოზიციაზე წარსულში, რა უნარ-ჩვევები გააჩნია და რამდენად კარგად ერკვევა ბავშვის მოვლის თავისებურებებში.