ბავშვის ლაპარაკი – როდის და როგორ?

ბავშვის ლაპარაკი 

ბავშვი ლაპარაკს თავისი ცხოვრების პირველ ორ წელში იწყებს. იქამდე კი, სანამ ის პირველ სიტყვას იტყვის, თქვენი შვილი გაკვირდებათ და სასაუბრო ენის მნიშვნელობასა და კომუნიკაციის ფორმებს თქვენგან სწავლობს.

თავიდან, ბავშვი ტირილით ცდილობს თქვენი ყურადღების მიქცევას, შემდეგ კი – ღუღუნით. 6 თვის ასაკში უკვე შესაძლებელია ამ გაუგებარ ბგერებში „დედა“ ან „მამა“ გაიგონოთ.

როგორ სწავლობს ბავშვი ლაპარაკს

ყველა ბავშვი ინდივიდუალურია, თუმცა პედიატრები მშობლებს ურჩევენ თვალი ადევნონ შვილების განვითარების ეტაპებს. ქვემოთ ნახავთ, თუ რას უნდა ელოდოთ სხვადასხვა ასაკის ბავშვებისგან:

ორსულობა

ბევრ მეცნიერს სჯერა, რომ ბავშვი სწავლას მუცლიდან იწყებს. კვლევების თანახმად, მუცლადმყოფი ბავშვები ეჩვევიან თქვენს გულისცემას, უსმენენ თქვენს საუბარს და დედის ხმის სხვა ადამიანებისგან გარჩევაც შეუძლიათ.

0-3 თვე დაბადებიდან

ბავშვის კომუნიკაციის პირველი ფორმა ტირილია. მშობლები მალე სწავლობენ, რომ მათი შვილები სხვადასხვანაირად ტირიან როცა შიათ, პამპერსი აქვთ გამოსაცვლელი, ან უბრალოდ ყურადღებას ითხოვენ.

ჩვილებს სიამოვნებთ მშობლების ხმის მოსმენა და აკვირდებიან, თუ როგორ იყენებენ უფროსები სიტყვებს.

4-6 თვე

ამ პერიოდში ბავშვი ღუღუნს იწყებს. ის აერთებს ხმოვნებსა და თანხმოვნებს (ბაბა, დადა). შესაძლოა შემთხვევით პირველი „დედაც“ კი წამოსცდეს, თუმცა ეს, სავარაუდოდ, არ ნიშნავს რომ ამ სიტყვას თქვენთან აიგივებს.

7-12 თვე

ბავშვი აგრძელებს თქვენზე დაკვირვებას და ექსპერიმენტებს ატარებს სხვადასხვა ბგერების გამოყენებისას. მან შეიძლება დაუსრულებლად „ილაპარაკოს“ თავის გამოგონებულ ენაზე, ან ერთი რომელიმე სიტყვა იმეოროს მთელი დღე. ის ასევე ხვდება რომ შეუძლია იყვიროს ან ძალიან ჩუმად „ილაპარაკოს“.

თუ ბავშვი არ ცდილობს ღუღუნს, არ ამბობს შორისდებულებს (აჰ, ეჰ, ოჰ), არ რეაგირებს სახელზე, არ ამყარებს თვალით კონტაქტს, არ აქვს რეაქცია ხმაზე ან საკუთარ სახელზე და 12 თვემდე არცერთ სიტყვას არ ამბობს, მიმართეთ პედიატრს.

13-18 თვე

ამ ასაკის ბავშვები, როგორც წესი, ერთ ან რამდენიმე სიტყვას ამბობენ და მათი მნიშვნელობაც იციან. ისინი ასევე ხვდებიან ინტონაციის მნიშვნელობას და სწავლობენ როგორ დასვან კითხვები.

მიმართეთ პედიატრს, თუ 18 თვემდე ბავშვი ხელით არ განიშნებთ ნივთებზე, არ სწავლობს ახალ სიტყვებს, არ ამბობს მინიმუმ 6 სიტყვას ან ავიწყდება სიტყვები, რომლებიც აქამდე იცოდა.

19-24 თვე

სანამ თქვენს შვილს 2 წელი შეუსრულდება, ის 50-მდე სიტყვას ისწავლის და ამაზე გაცილებით მეტის მნიშვნელობა ეცოდინება. ის ყოველდღიურად შეავსებს თავის ლექსიკონს, ასე, რომ დროა ყურადღება მიაქციოთ რაზე ლაპარაკობთ ბავშვის თანდასწრებით.

თავის მეორე დაბადების დღემდე ბავშვი 2-4 სიტყვისგან შემდგარი, მარტივი წინადადებების გამოყენებას დაიწყებს და შესაძლოა თავისი საყვარელი სიმღერებიც იღიღინოს.

მიმართეთ პედიატრს, თუ 2 წლის ბავშვი ვერ ასრულებს მარტივ ინსტრუქციებს, ვერ გაჩვენებთ ხელით სხეულის ნაწილებს, ვერ იმეორებს თქვენს სიტყვებსა და მოქმედებებს ან ვერ ამბობს 2 სიტყვიან წინადადებებს.

25-36 თვე

ამ პერიოდში ბავშვი სწავლობს რა ტონალობაში უნდა ისაუბროს. მას უკვე შეუძლია ნაცვალსახელების – მე, შენ, ის – გამოყენება წინადადებებში.

2-დან 3 წლამდე მისი ლექსიკონი მნიშვნელოვნად იზრდება და უკვე თითქმის ყველაფერი ესმის, რასაც ეუბნებით. მისი წინადადებები ნელ-ნელა გართულდება და სამი წლის ასაკში შეიძლება თქვენთან საინტერესო დიალოგების გამართვაც კი შეძლოს.

3 წლის ასაკში თუ ბავშვი 2-3 სიტყვიან ფრაზებს ვერ ამბობს, გაუგებრად ან არათანმიმდევრულად საუბრობს, ვერ ასრულებს მარტივ ინსტრუქციებს, მიმართეთ პედიატრს.

4 წლის ბავშვის მეტყველება უკვე გასაგები უნდა იყოს თქვენთვის და გარშემომყოფებისთვისაც.

როგორ დავეხმაროთ ბავშვს ლაპარაკის დაწყებაში

მშობლებს ბევრი რამის გაკეთება შეუძლიათ ლაპარაკის დასაჩქარებლად, თუ გაინტერესებთ როგორ ავალაპარაკოთ ბავშვი, შემდეგ სტრატეგიებს უნდა მიმართოთ.

ესაუბრეთ ბავშვს: როდესაც ბავშვთან ხართ, ეცადეთ გამართულად ილაპარაკოთ. უბრალოდ აღწერეთ ყველაფერი, რასაც აკეთებთ და ეცადეთ ნაკლებად გამოიყენოთ ნაცვალსახელები, ბავშვი რომ არ დააბნიოთ.

მაგალითად, ნაცვლად „მე ახლა საჭმელს გაგიკეთებ“, თქვით – „დედა ახლა ბავშვს საჭმელს გაუკეთებს“. დაუსვით მათ კითხვები და დაელოდეთ პასუხებს.

წაიკითხეთ წიგნები: ბავშვები, რომლებსაც მშობლები ხშირად უკითხავენ წიგნებს, უფრო სწრაფად სწავლობენ ლაპარაკს. კითხვის დროს ბავშვების ლექსიკონი ფართოვდება, ისინი აკვირდებიან წინადადების წყობას, სურათებს და თქვენი ხმის ინტონაციას.

მოუსმინეთ ბავშვს:  როდესაც ბავშვი ცდილობს გესაუბროთ, ეცადეთ, კარგი მსმენელი იყოთ. შეხედეთ მათ და უპასუხეთ კითხვებზე. თუ ბავშვს ეცოდინება, რომ თქვენ გაინტერესებთ მისი საუბარი, ის ეცდება მეტი ილაპარაკოს და მეტად მიიქციოს თქვენი ყურადღება.

როცა ბავშვი არ ლაპარაკობს

მშობლები, როგორც წესი, ყველაზე ადრე ამჩნევენ, როდესაც ბავშვს რაიმე პრობლემა აქვს. თუ თქვენს შვილს ზემოთ ჩამოთვლილი რომელიმე საყურადღებო სიმპტომი აქვს, უმჯობესია ის პედიატრთან განიხილოთ.

დაგვიანებული ლაპარაკი შესაძლოა სხვა ტიპის განვითარების შეფერხების მიზეზი გახდეს. მაგალითად, როდესაც 2 წლის ბავშვი ვერ ლაპარაკობს, მას უჭირს სხვა ბავშვებთან და უფროსებთან კომუნიკაცია. ის დროულად ვერ ითვისებს სოციალურ უნარებს.

ნუ დასჯერდებით ახლობლებისა და მეგობრების რჩევებს. ის, რომ თქვენი მეზობლის ბავშვი 3 წლამდე არცერთ სიტყვას არ ამბობდა და დღეს არანაირი პრობლემა არ აქვს, არ ნიშნავს, რომ თქვენი შემთხვევაც ანალოგიური იქნება.

პედიატრთან გეგმიური ვიზიტების დროს, განსაკუთრებით 12, 18, 24 თვის ასაკში, განიხილეთ თქვენი შვილის ლექსიკონი. პედიატრმა შესაძლოა საჭიროდ ჩათვალოს ბავშვის სმენის შემოწმება ან გადაგამისამართოთ სხვა სპეციალისტთან, რომელიც მის განვითარებას შეამოწმებს.

სპეციალისტების კონსულტაცია უფრო ნათლად გაგაგებინებთ, თუ რატომ არ ლაპარაკობს ბავშვი. რაც უფრო ადრე დაიწყებთ პრობლემაზე მუშაობას, მით უფრო მალე დადგება სასურველი შედეგიც.