როგორ შევარჩიოთ ბავშვის ფეხსაცმელი?

როგორ შევარჩიოთ ბავშვის ფეხსაცმელი?

ბავშვის ფეხსაცმელითქვენი პატარა უკვე მზადაა პირველი ფეხსაცმლის შესაძენად? მაშინ მოემზადეთ, თქვენ უნდა შეურჩიოთ ისეთი წყვილი, რომელიც მას პირველი ნაბიჯების გადადგმაში დაეხმარება.

პედიატრები გვირჩევენ, რომ ბავშვის განვითარებისთვის უკეთესი იქნება, თუ ის უმეტეს დროს ფეხშიშველი გაატარებს. ასე ბავშვები უკეთ გრძნობენ იატაკს, პირველი ნაბიჯების გადადგმასთან ერთად კი უძლიერდებათ ფეხები და კოჭები.

რა თქმა უნდა, გარეთ გაყვანისას ბავშვს ამინდის შესაბამისად უნდა ეცვას, თუმცა, სხვა შემთხვევაში, ახალ ფეხადგმულ პატარას, ფეხსაცმელი მხოლოდ იმისთვის სჭირდება, რომ დაზიანებები და ნაკაწრები ავაცილოთ თავიდან.

გთავაზობთ რამდენიმე რჩევას ბავშვის ფეხსაცმლის ასარჩევად:

სწორად შეარჩიეთ ზომა

ბავშვი, სავარაუდოდ, ვერ გეტყვით, რომ ფეხსაცმელი უჭერს, ან ძალიან დიდია, ამიტომ, ჩააცვით ბავშვს ორივე ფეხსაცმელი, დააყენეთ ფეხზე და კარგად დააკვირდით.

სიგრძის შესამოწმებლად, დააჭირეთ თქვენი ცერა თითი ბავშვის ცერა თითის წინ. ფეხსაცმლის ცხვირსა და ბავშვის თითს შორის დაახლოებით ასეთი მანძილი უნდა იყოს. ასევე, მოათავსეთ თქვენი ნეკა თითი ბავშვის ქუსლთან – ამაზე დიდი მანძილი ქუსლსა და ფეხაცმელს შორის არ უნდა იყოს. გაითვალისწინეთ სიგანეც – ბავშვი მაქსიმალურად კომფორტულად უნდა გრძნობდეს თავს.

აარჩიეთ მსუბუქი ფეხსაცმელი

ახალფეხადგმულ ბავშვებს ისედაც უჭირთ ნაბიჯების გადადგმა, ამიტომ ნუ გაურთულებთ ამ მნიშვნელოვან საქმეს მძიმე ფეხსაცმლით. აარჩიეთ მსუბუქი, ნატურალური მასალა, რომელიც სუნთქავს.

ფეხსაცმელი მოქნილი უნდა იყოს

ზედმეტად მყარმა ფეხსაცმელმა შესაძლოა ბავშვებში ფეხის დეფორმაცია გამოიწვიოს, ამიტომ დარწმუნდით, რომ ის საკმარისად მოქნილია. ის უნდა იღუნებოდეს და მოძრაობდეს, ბავშვის თითები კი გარედან ხელის შეხებით უნდა იგრძნობოდნენ.

დააკვირდით ფეხსაცმლის ძირს, შიდა საფენებსა და შესაკრავებს

ძირი უნდა იყოს ტყავის ან რეზინის, რომ ბავშვს ფეხი არ აუსრიალდეს. შიდა საფენები, გვერდებსა და ქუსლის ადგილას, ფეხსაცმელს უფრო კომფორტულს ხდის.

შესაკრავები მარტივი გამოსაყენებელი უნდა იყოს, დიდი დრო რომ არ დაკარგოთ ჩაცმისა და გახდის დროს. უმჯობესია, თუ მათი საშუალებით დარეგულირდება ფეხსაცმლის სიგანეც.

ფეხსაცმელს არ უნდა ჰქონდეს ფეხის მაკორექტირებელი დეტალები

ხშირად, მშობლები ფიქრობენ, რომ ბავშვის ორთოპედიული ფეხსაცმელი აუცილებელი შენაძენია. ახალი რეკომენდაციების მიხედვით კი, ნორმალური განვითარების ბავშვისთვის, ასეთი ფეხსაცმელი შეიძლება დამაზიანებელიც კი იყოს.

როგორც აღმოჩნდა, ბავშვებს არ სჭირდებათ კოჭის დაფიქსირება – ეს კუნთები მათ დამოუკიდებლად უნდა განავითარონ. უსარგებლოა დამატებითი სუპინატორები და სპეციალური ჩასაფენებიც, მათი დადებითი გავლენა, ბავშვის ფეხის განვითარებაზე, კვლევებით არ დასტურდება.

რა თქმა უნდა, თუ პედიატრი თვლის, რომ რაიმე მიზეზის გამო პატარას სპეციალური ფეხსაცმელი სჭირდება, მისი რჩევა უნდა გაითვალისწინოთ.

ადეკვატური ფასი

სავარაუდოდ, შერჩეული ფეხსაცმელი ბავშვს 3-4 თვეში დაუპატარავდება. ამიტომ, უმჯობესია ზომიერი ფასის მქონე წყვილი შეარჩიოთ.

ბავშვის სპორტული ფეხსაცმელი

თუ თქვენმა პატარამ უკვე ისწავლა სიარული და მზადაა ირბინოს, მას ამ საქმისთვის განკუთვნილი ფეხსაცმელიც დასჭირდება. ყოველდღიურისგან განსხვავებით, სპორტული ფეხსაცმლის შემთხვევაში სწორი ძირი რეკომედებული არაა – ის კარგად უნდა ერგებოდეს ბავშვის ფეხის ფორმას.

 ბავშვის თოვლის ფეხსაცმელი

ცივ ამინდში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბავშვს სწორად შერჩეული ფეხსაცმელი ეცვას. მოძებნეთ ისეთი წყვილი, რომლის ჩაცმა-გახდაც მარტივია. დააკვირდით ზომას და გაითვალისწინეთ, რომ ბავშვს, სავარაუდოდ, ჩვეულებრივზე სქელი წინდა ეცმევა.

თოვლის ფეხსაცმელი აუცილებლად უნდა იყოს წყალგამძლე. ზოგიერთ მოდელს ასეთი მხოლოდ ძირი აქვს, დარწმუნდით, რომ თოვლს მთლიანი ფეხსაცმელი გაუძლებს. შეამოწმეთ შიგნიდანაც, ჩექმა თბილი უნდა იყოს.

თოვლის ფეხსაცმელი არ უნდა სრიალებდეს, მას სპეციალური ძირი უნდა ჰქონდეს, რომელიც თქვენს პატარას ყინულსა და თოვლზე სიარულისას წონასწორობას შეუნარჩუნებს.

და ბოლოს, ფეხსაცმლის საყიდლად საღამოს საათებში უნდა წახვიდეთ – დღის განმავლობაში ფეხი ფართოვდება და დილით ნაყიდი ფეხსაცმელი შესაძლოა საღამოს აღარ მოგვერგოს.