გველის ნაკბენი – როგორ მოვიქცეთ?

გველის ნაკბენიგველის ნაკბენი – როგორ მოვიქცეთ?

გველის ნაკბენი ერთ-ერთი ყველაზე მომაკვდინებელი მოვლენაა, განსაკუთრებით ისეთ ქვეყნებში, სადაც გავრცელებულია განსაკუთრებით შხამიანი გველების ნაირსახეობა.

საქართველოში გველების არც თუ ისე ბევრი, 20-მდე სახეობა ბინადრობს. მათგან მხოლოდ ოთხია შხამიანი – ველის გველგესლა, ცხვირრქიანი გველგესლა, კავკასიური გველგესლა და ყველაზე საშიში – გიურზა.

გიურზა ძირითადად აღმოსავლეთ საქართველოშია გავრცელებული, ნახევრადუდაბნო ტერიტორიაზე. შხამიან გველთან პირისპირ აღმოჩენის ყველაზე მაღალი ალბათობა აპრილიდან ოქტომბრამდეა, როდესაც ქვეწარმავალი აქტიურდება.

მათი საშიში რეპუტაციის მიუხედავად, გველები გამიზნულად თითქმის არასდროს ესხმიან თავს ადამიანს. გველის ნაკბენი უმეტესად ადამიანის ქცევითაა გამოწვეული – შემთხვევით ფეხის დაბიჯებით, გველის დაჭერის მცდელობით და ა.შ.

საქართველოში ყოველ წელს ფიქსირდება გველის კბენის რამდენიმე შემთხვევა. თუ თქვენ გიკბინათ ქვეწარმავალმა ან შემთხვევის მომსწრე გახდით, აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს, რომელიც უკეთ შეაფასებს, რისი გაკეთებაა საჭირო.

გველის ნაკბენის სიმტომები

გველის ნაკბენი, ზოგჯერ, უმტიკვნეულოა. ზოგი ადამიანი მხოლოდ მას შემდეგ ხვდება, რომ დაკბენილია, რაც სხეულზე გველის კბილის ნაკვალევს შენიშნავს. გველის ნიშნის აღმოჩენა არ ნიშნავს, რომ ჭრილობაში შხამია შესული. შესაძლებელია გველმა არ გამოუშვა საკმარისი რაოდენობის შხამი, ან უბრალოდ არ იყო შხამიანი.

სიმპტომების გამოვლენა გველის სახეობაზეა დამოკიდებული, კბენიდან დაახლოებით ერთ საათში გამოვლენილ ყველაზე ხშირ რეაქციებს შორისაა:

  • გველის კბილების ნიშანი კანზე
  • სისხლჩაქცევა ნაკბენის არეში
  • შესიება
  • ტკივილი
  • ცხელება
  • ოფლიანობა
  • მხედველობის გაბუნდოვნება
  • და სხვა.

არსებობს კიდევ რამდენიმე სიმპტომი, რომელიც არა ნაკბენს, არამედ ნაკბენით გამოწვეულ შიშს უკავშირდება:

  • გულისრევა და ღებინება
  • დიარეა
  • გულის წასვლა
  • კანის გაფერმკრთალება

დამოუკიდებლად საკმაოდ რთულია გაარჩიოთ რისგანაა გამოწვეული სიმპტომი – შხამისგან თუ შიშისგან, ამიტომ აუცილებელია მიმართოთ სასწრაფო სამედიცინო დახმარებას.

მსგავსი სტატია: ბზიკის ნაკბენი – როგორ მოვიქცეთ?

გველის ნაკბენის მკურნალობა

თუ თქვენ ან თქვენს შვილს გველმა გიკბინათ, ყველაზე მნიშვნელოვანია შეინარჩუნოთ სიმშვიდე, ეცადოთ, რაც შეიძლება ნაკლებად იმოძრაოს დაშავებულმა და გამოიძახოთ სასწრაფო სამედიცინო დახმარება.

ნუ ეცდებით დაიჭიროთ ან მოკლათ გველი. თუ ის ისევ თქვენს სიახლოვეშია, მიეცით მას გაქცევის საშუალება, რომ დაიცვათ თავი მორიგი თავდასხმისგან.

პირველი დახმარება

  • გამოიძახეთ სასწრაფო დახმარება
  • დაშავებული დააწვინეთ მყარ, ბრტყელ ზედაპირზე, ისე, რომ დაზიანებული არე იყოს გულის დონეზე უფრო დაბლა, შეეცადეთ მაქსიმალურად უმოძრაოდ იყოს.
  • აკონტროლეთ დაშავებულის ტემპერატურა, პულსი, სუნთქვის სიხშირე, წნევა.
  • თუ პიროვნება ალერგიულია, შესაძლებელია ექიმის მოსვლამდე მისცეთ ანტიალერგიული პრეპარატი. შესაძლებელია ტკივილგამაყუჩებელი ან სიცხის დამწევი პრეპარატების მიღებაც.
  • ნუ ეცდებით ჭრილობაზე ლახტის დადებას და სისხლის მოძრაობის გაჩერებას, ნაკბენიდან სისხლის გამოწოვას ან ჭრილობის გაკვეთას.
  • თუ შესაძლებელია, ყოველთვის უმჯობესია ექიმი მივიდეს დაშავებულამდე და არა – პირიქით.

გველის ნაკბენის პრევენცია

გველის ნაკბენი უმეტეს შემთხვევაში ადამიანის გაუფრთხილებლობითაა გამოწვეული, ამიტომ მნიშვნელოვანია ბავშვებმა ადრეული ასაკიდანვე ისწავლონ უსაფრთხოების ზომების დაცვა. გაითვალისწინეთ ეს მარტივი რჩევები თავდასხმის ასაცილებლად:

  • ნუ ეცდებით გველების დაჭერას
  • ადგილებში, სადაც შეიძლება გველებიც იყვნენ ჩაიცვით შესაბამისად – გრძელი შარვალი და დახურული ფეხსაცმელი აუცილებელია.
  • ფრთხილად იყავით ხის ფუღუროებთან, გაუვალ, მაღალ ბალახთან, ხის ნაფოტების გროვებთან.
  • დაიცავით თქვენი ეზო და იქ არსებული ნაგებობები (ცხოველების სადგომი, ფარდული, ა.შ) თაგვებისგან. მღრღნელების სიახლოვეს მტაცებლებიც ჩნდებიან.
  • შეეცადეთ, ხშირად გაკრიჭოთ ბალახი თქვენს ეზოში.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, საქართველოში გველის ნაკბენი შედარებით იშვიათად გვხვდება. მიუხედავად ამისა, აუცილებელია გამოვიჩინოთ სიფრთხილე და ბავშვები მაქსიმალურად მოვარიდოთ ისეთ ადგილებს, სადაც ქვეწარმავლებთან შეხვედრა მოსალოდნელია.