თმის ცვენა მშობიარობის შემდეგ

თმის ცვენა მშობიარობის შემდეგ

მშობიარობის შემდეგ თმის ცვენა სრულიად ნორმალური მოვლენაა, თუმცა, საკმაოდ შემაწუხებელი. ქალების უმეტესობას ეს პრობლემა მშობიარობიდან 4-5 თვეში ეწყება. თმის ცვენა საშუალოდ სამი თვის მანძილზე გრძელდება, თუმცა ეს შეიძლება ბავშვის პირველ დაბადების დღემდეც კი გაგრძელდეს.

რა იწვევს თმის ცვენას მშობიარობის შემდეგ?

ჩვენი თმის 85-95% მუდმივად იზრდება, დარჩენილი 5-15% კი ე.წ. დასვენების ფაზაშია. ფაზის დასრულების შემდეგ დასუსტებული თმა წყდება და მას ახალი ცვლის. ქალები, საშუალოდ, დღეში 100 ღერ თმას  კარგავენ.

ორსულობის დროს ჰორმონ ესტროგენის ჭარბი რაოდენობა თმის ზრდის ფაზას ახანგრძლივებს. შედეგად – თქვენ უფრო ნაკლებად გცვივათ თმა, ის ჯანსაღდება, ხდება უფრო ხშირი.

მშობიარობის შემდეგ კი, როდესაც ესტროგენის დონე მკვეთრად ეცემა, თქვენი გახშირებული თმის ღერები დასვენების ფაზაში გადადიან და 3-5 თვის შემდეგ ცვენას იწყებენ. ეს განსაკუთრებით შესამჩნევია დაბანისა და დავარცხნის დროს, როცა დასუსტებული თმის ღერები თქვენს აბაზანაში ან სავარცხელზე აღმოჩნდებიან.

არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ყველა ქალი ინდივიდუალურია და მათი ორგანიზმი ცვლილებებზე სხვადასხვაგვარად რეაგირებს. რა თქმა უნდა, თუ გრძელი თმა გაქვთ, სავარაუდოა, რომ თმის ცვენა თქვენთვის უფრო შემაწუხებელი იქნება.

თუ ამჩნევთ, რომ თმა საგრძნობლად შეგითხელდათ, უმჯობესია ექიმს გაესაუბროთ. ინტენსიური ცვენა ანემიისა და პოსტსამშობიარო თირეოდიტის სიმპტომია. ორივე ეს მდგომარეობა მკურნალობას საჭიროებს.

რამდენი ხანი შეიძლება გაგრძელდეს თმის ცვენა?

პანიკა საჭირო არაა. პოსტსამშობიარო თმის ცვენა განსაკუთრებით შემაწუხებელი სამი თვის განმავლობაში იქნება, შემდეგ კი ცვენის ინტენსივობა დაიკლებს. ბავშვის პირველ დაბადებისდღემდე თქვენ საგრძნობ უკეთესობას იგრძნობთ, მალე კი ახალი თმაც დაიწყებს ზრდას.

როგორ ვებრძოლოთ თმის ცვენას?

სამწუხაროდ, ამ ეტაპზე არ არსებობს რაიმე სახის მეცნიერულად დამტკიცებული მედიკამენტი ან პროდუქტი, რომელიც კონკრეტულად პოსტსამშობიარო თმის ცვენას ებრძვის. ამის მიუხედავად, თქვენ შეგიძლიათ სხვადასხვა ნაბიჯებით შეანელოთ პროცესი და დაეხმაროთ თქვენს თმას გაჯანსაღებაში.

  • სცადეთ შამპუნი, რომელიც თმის მოცულობას ზრდის – ასეთი პროდუქტები შეიცავენ ცილებს, რომლებიც ერთგვარ გარსს უკეთებენ თქვენს თმას და ამ გზით მის მოცულობას ვიზუალურად ზრდიან.
  • მოერიდეთ მძიმე, ცხიმიან შამპუნებსა და კონდიციონერებს – აქ შემავალი ინგრედიენტები ამძიმებენ თმას, რაც მის ცვენას უწყობს ხელს.
  • გამოიყენეთ თხელი თმისთვის განკუთვნილი კონდიციონერი, რომელიც ატენიანებს თმას, მაგრამ არ ამძიმებს.
  • მოერიდეთ ისეთ ვარცხნილობებს, რომელიც თმას ჭიმავს. თუ ძალიან გაწუხებთ თმის ცვენა, სცადეთ უფრო მოკლედ შეჭრა.
  • დააბალანსეთ კვების რაციონი. ზოგი კვლევა აჩევენებს, რომ D ვიტამინისა და კალციუმის ნაკლებობა თმას ასუსტებს.
  • გაუფრთხილდით თმას. დროებით უარი თქვით ფენზე, უთოზე, დახვევასა და გასწორებაზე, რომ კიდევ უფრო არ დაიზიანოთ თმის ღერები.

თუ უკვე 6 თვეა (ან უფრო მეტი) რაც ქრონიკულ თმის ცვენას უჩივით, დროა თქვენს ექიმთან ან დერმატოლოგთან ვიზიტზე ჩაეწეროთ. სავარაუდოდ, საჭირო იქნება გამოკვლევების ჩატარება ცვენის გამომწვევი მიზეზების დასადგენად.