სუროგაცია საქართველოში

სუროგაცია საქართველოში

სუროგაციაადამიანებისთვის, რომლებსაც სურთ ჰყავდეთ ბიოლოგიური შვილი, მაგრამ უშვილობის პრობლემა აწუხებთ, სუროგაცია ზოგჯერ ერთადერთი გამოსავალია. ესაა გარიგება, სადაც სუროგატი ქალი აჩენს ბავშვს იმ პიროვნებისა თუ წყვილისთვს, რომელთაც სხვადასხვა მიზეზების გამო არ შეუძლიათ შვილის ყოლა.

სუროგაციის დროს ჩასახულ ნაყოფს არანაირი გენეტიკური კავშირი არ აქვს სუროგატ ქალთან. პროცესისთვის შეიძლება გამოყენებული იყოს როგორც მომავალი მშობლების, ასევე დონორების გენეტიკური მასალა (სპერმა და კვერცხუჯრედი).

რა შემთხვევაში უნდა მივმართოთ სუროგაციას?

სუროგაცია საკმაოდ იშვიათი პროცედურაა მთელი მსოფლიოს მასშტაბით. იმ ადამიანებიდან, რომლებიც სხვადასხვა სამედიცინო ჩარევებს მიმართავენ ორსულობის დასაგეგმად, მხოლოდ 1% ირჩევს სუროგაციის გზას. ამის მთავარი მიზეზი, სავარაუდოდ, მაღალი ფასია.

სუროგაციას შეგიძლიათ მიმართოთ, თუ:

  • არ გაქვთ საშვილოსნო
  • გაქვთ პრობლემური საშვილოსნო
  • ორსულობა თქვენი ჯანმრთელობისთვის სახიფათოა
  • სხვა რეპროდუქციულმა ჩარევებმა არ გაამართლეს
  • ხართ მარტოხელა მამაკაცი ან გეი-წყვილი.

სუროგაციის სირთულეები

სუროგაცია საკმაოდ რთული პროცესია, როგორც ემოციურად, ასევე იურიდიულად. თუ ამ გზას აირჩევთ, მზად უნდა იყოთ რომ დაგჭირდებათ ბევრი დრო, ფული და მოთმინება.

საქართველოში სუროგაცია კანონით დაშვებულია, მაგრამ მხოლოდ ცოლ-ქმრისთვის. ამ უფლებით ვერ სარგბლობენ მარტოხელა პირები და ერთნაირი სქესის წყვილები. სახელმწიფო იცავს პროცესში ჩართული ყველა მხარის ინტერესებს – პოტენციური მშობლების, სუროგატი დედისა და დონორის.

კიდევ ერთი სირთულე ფინანსური მხარეა. სუროგატი ქალისთვის განსაზღვრული თანხა დაახლოებით 30 000-40 000 ლარიდან იწყება, რასაც ემატება სააგენტოს, სამედიცინო და ყოველთვიური ხარჯები.

პროცესი საკმაოდ სტრესულია ფსიქოლოგიური თვალსაზრისითაც. ქართულ საზოგადოებაში სუროგაცია ჯერ კიდევ არაა ბოლომდე მიღებული და შეიძლება გარკვეულ სირთულეებს ოჯახის წევრებთან და ახლობლებთან ურთიერთობებშიც გადააწყდეთ, რისთვისაც მზად უნდა იყოთ.

ყველა შემთხვევაში, უკეთესი იქნება, თუ სააგენტოს მომსახურებით ისარგებლებთ, რომელიც სუროგაციის ყველა ეტაპზე დაგეხმარებათ.

როგორია სუროგაციის პროცესი?

როგორც უკვე აღვნიშნეთ, სუროგაცია საკმაოდ სტრესული პროცესია. თქვენ შეიძლება ფიზიკურად არ ატარებდეთ ბავშვს მუცლით, მაგრამ ორსულობაში აუცილებლად იქნებით ჩართული. თქვენი აზრი გათვალისწინებული იქნება სამედიცინო გადაწყვეტილებების მიღების დროსაც.

თქვენ მოგიწევთ სუროგატის სამედიცინო და ზოგიერთი სხვა სახის ხარჯების თქვენს თავზე აღება, კონსულტაციებზე სიარული, სააგენტოს ხარჯების დაფარვა და ა.შ.

როგორ იწყება ყველაფერი?

  1. სუროგატის პოვნა – სუროგატი შეიძლება გახდეს თქვენი ოჯახის წევრი, მეგობარი ან გარეშე პირი, რომლის მოძებნაშიც სააგენტო დაგეხმარებათ. აუცილებელია გაითვალისწინოთ რამდენიმე ფაქტორი:
  • უმჯობესია სუროგატი იყოს 21-დან 45 წლამდე ქალი, რომელსაც უკვე ჰყავს გაჩენილი ბავშვი, გართულებების გარეშე.
  • სუროგატის ოჯახის წევრები არ უნდა ეწინააღმდეგებოდნენ მის გადაწყვეტილებას – გააჩინოს ბავშვი სხვისთვის.
  • სუროგატი უნდა იყოს ჯანმრთელი როგორც ფიზიკურად, ასევე მენტალურად.
  1. ფსიქოლოგიური შემოწმება – ექიმების უმეტესობა აუცილებლად მიიჩნევს, რომ სუროგატმა და პოტენციურმა მშობლებმა გაიარონ ფსიქოლოგის კონსულტაცია (ინდივიდუალურად და ერთად). ორივე მხარე მაქსიმალურად მომზადებული უნდა იყოს ამ შეთანხმების სისრულეში მოსაყვანად.
  2. პოტენციური მშობლების სამედიცინო შემოწმება – თუ სუროგაციისთვის პოტენციური მშობლების ბიოლოგიური მასალა გამოიყენება, აუცილებელია წინასწარ ჩაიტაროთ ზოგადი და გენეტიკური კვლევები. თუ დონორისგან მიღებულ მასალას იყენებთ, მათ უშუალოდ დონაციამდე შეამოწმებენ.
  3. სუროგატის სამედიცინო შემოწმება – სუროგატი ქალი აუცილებლად იტარებს ზოგად კვლევებს. ასევე აუცილებელია ნარკოლოგიური შემოწმებაც. შეგიძლიათ მოითხოვოთ მისი პარტნიორის ფსიქოლოგიური და სამედიცინო შემოწმებაც.
  4. ხელშეკრულების გაფორმება – პოტენციური მშობლები და სუროგატი ხელს აწერენ ოფიციალურ დოკუმენტს, რომელიც მათ უფლებებსა და მოვალეობებს განსაზღვრავს.

ხელშეკრულებაში გათვალისწინებული უნდა იყოს: თანხის გადახდის პირობები, მშობელთა უფლებები, მშობიარობასა და ორსულობასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღების პირობები, ბავშვის გაჩენის შემდეგ სუროგატსა და მშობლებს შორის ურთიერთობა და ა.შ.

როგორია სამედიცინო პროცედურა?

სუროგაციისთვის შეიძლება პოტენციური მშობლის ან დონორის გაყინული ან ახალი კვერცხუჯრედების გამოყენება.

იმისათვის, რომ პროცედურის წარმატების შანსები გაიზარდოს, ხშირად ექიმები ჰორმონალურ თერაპიას მიმართავენ. საჭირო დროს ხდება კვერცხუჯრედის მოპოვება და მისი განაყოფიერება ლაბორატორიულ პირობებში. განაყოფიერების შემდეგ კვერცხუჯრედი თავსდება სუროგატის საშვილოსნოში.

პროცედურის წარმატება დამოკიდებულია კვერცხუჯრედის დონორისა და სუროგატის ასაკსა და სხვა გარემო პირობებზე. წარმატების პროცენტული მაჩვენებელი დაახლოებით 50%-ია. სასურველი შედეგის მიღებას შესაძლოა 3-4 ცდაც დასჭირდეს.

როგორც ხედავთ, სუროგაცია ნამდვილად არაა მარტივი გამოსავალი, თუმცა მიღებული შედეგი ამ სირთულეებს ნამდვილად ამართლებს.

თუ გსურთ გყავდეთ შვილი და ამის ერთადერთი გზა სუროგაციაა, თქვენ კი საკმარისი ფინანსური რესურსები გაქვთ, ეს შანსი აუცილებლად უნდა გამოიყენოთ.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *