ჩიყვი და ორსულობა

ჩიყვი და ორსულობა

ჩიყვი და ორსულობაფარისებრი ჯირკვალს განსაკუთრებული როლი აკისრია ორსულობის ნორმალურ წარმართვაში, შეიძლება ითქვას, რომ იგი მართლაც ფარივით იცავს დედა-შვილის ჯანმრთელობას.

ორსულობისას უფრო აქტიურად ფუნქციონირებენ ორგანოები, მათ შორის ფარისებრი ჯირკვალი, რომელიც 30-50%-ით უფრო მეტს მუშაობას და გააჩნია შესაბამისი ადაპტაციის უნარი.

თუმცა, ამ პროცესში ფარისებრ ჯირკვალს მეტი საშენი მასალა – ამინმჟავა თიროზინი და მიკროელემენტი იოდი სჭირდება.

იორდის მიღების საჭიროება და დოზები

ამასთან, ნაყოფი ღებულობს იოდს დედის ორგანიზმიდან, რომლის მეშვეობითაც თავისთვის საჭირო თიროქსინს წარმოქმნის. აქედან გამომდინარე, საჭიროა დედამ მიიღოს დამატებით იოდი, ყოველგვარი კვლევებისა და დიანგოზის გარეშე, თუ რა თქმა უნდა რაიმე გართულება/დაავადება არ ახასიათებს დედის ორგანიზმს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციით, ნებისმიერმა ქალმა, როგორც მთელი ორსულობის, ისე მეძუძურობის პერიოდში, დღე-ღამეში 200-250 მკგ იოდი უნდა მიიღოს.

ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები – როგორ მოვიქცეთ?

რაც შეეხება ფარისებრი ჯირკვლის დაავადებებს, აქ უნდა გამოვყოთ ორსულთა ორი ჯგუფი – ისინი, ვისაც დაორსულებამდეც ჰქონდა გამოვლენილი ან დადგენილი ფარისებრი ჯირკვლის ესა თუ ის პათოლოგია და ისინი, ვისაც ეს მხოლოდ დაორსულების შემდეგ გამოუვლინდა ან დაუდგინდა.

პირველ შემთხვევაში, თუ ქალი ჩანაცვლებით თერაპიაზე იყო ანუ მკურნალობდა ლევოთიროქსით (პერეპარატ L-თიროქსინის გენერიკული დასახელება), დაორსულებისთანავე, ჰორმონული სპექტრის ყოველგვარი კონტროლის გარეშე, ზუსტად 50%-ით უნდა გაზარდოს მისი დოზა, იმიტომ რომ, როგორც აღვნიშნეთ, სწორედ ამდენით ძლიერდება ფარისებრი ჯირკვლის მუშაობა, მერე კი სისხლში თირეოტროპული ჰორმონის კონცენტრაციის განსაზღვრით უნდა მოხდეს დოზის შემდგომი კორექცია.

გარდა ამისა, შესაძლოა, სწორედ ორსულობა აღმოჩნდეს რომელიმე აუტოიმუნური თირეოიდიტის გამშვები მექანიზმი ან განვითარდეს იოდდეფიციტური მდგომარეობა. ამ დაავადებების პრევენცია სწორედ იოდის პრეპარატების მიღებითაა შესაძლებელი.

ორსულობასთან დაკავშირებულმა იოდდეფიციტმა შესაძლოა გამოიწვიოს აბორტი, ნაადრევი მშობიარობა, თანდაყოლილი ანომალიები; საშუალო ხარისხის იოდდეფიციტი შესაძლოა დაბალი ინტელექტის მიზეზად იქცეს, ხოლო მძიმე იოდდეფიციტის დროს ვითარდება კრეტინიზმი, მძიმე გონებრივი ჩამორჩენილობა, ზრდის შეფერხება, სიყრუე, მეტყველების გაძნელება`არარსებობა.

პრევენციური ღონისძიებები

პირველ ტრიმესტრში ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის შესწავლა, შეიძლება ითქვას, ერთ-ერთი რუტინული კვლევაა. დიაგნოსტიკური კრიტერიუმები იგივეა, რაც არაორსულებთან – ჰორმონული სპექტრის შეფასება, ულტრასონოგრაფია. ახალი გაიდლაინის თანახმად, TSH-ის დონე პირველ ტრიმესტრში 2,5-ზე ნაკლები (0,1-2,5) უნდა იყოს, მეორე ტრიმესტრში – 0,2-3,0, მესამე ტრიმესტრში – 0.3-3,0.

როგორც კი ის დასაშვებ ნორმას გასცდება, საჭიროა კონტროლის გამკაცრება და დიაგნოზის დასმა. ნებისმიერი პათოლოგიის მონიტორინგი 4-6 კვირაში ერთხელ უნდა მოხდეს.

აქვე მინდა აღვნიშნო, რომ როდესაც საქმე ფარისებრ ჯირკვალს ეხება, აუცილებელია ენდოკრინოლგთან ვიზიტი. სხვაგვარად შესაძლოა არცთუ სახარბიელო შედეგი მივიღოთ. საქმე ის გახლავთ რომ დღეს, მაგალითად, ლევოთიროქსის დანიშვნა ნებისმიერი სპეციალობის ექიმს შეუძლია, მაგრამ არსებობს ნიუანსები, რომელთა გაუთვალისწინებლად საქმეს შესაძლოა კი არ ვარგოთ, პირიქით, ვავნოთ კიდეც.

ასეთ ნიუანსებში გარკვევა სწორედ ენდოკრინოლოგის პრეროგატივაა. ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიებს ხშირად არასწორად აფასებენ. მაგალითად, პირველ ტრიმესტრში ხდება TSH-ის დაქვეითება. ეს ფიზიოლოგიური პროცესია და სწორედ იმ ადაპტაციური მექანიზმის გამოვლენას წარმოადგენს, რომელზეც ზემოთ ვისაუბრეთ. თუ კვლევა ამ პერიოდში ჩატარდა, TSH-ის მაჩვენებლები შესაძლოა ბლანკზე დაწერილ ნორმებს არ შეესაბამებოდეს და დაისვას ცრუ ჰიპერთირეოზის დიაგნოზი.

ასეთ დროს იოდს არ ნიშნავენ და ეძებენ დაავადებას. ორსულიც ნერვიულობს. რეალურად კი ეს სავსებით ჯანსაღი ფიზიოლოგიური პროცესია. თუ ანალიზის შედეგები ენდოკრინოლოგმა გაშიფრა, ასეთი აღრევები აღარ მოხდება.