1-ლი ივნისი ბავშვთა დაცვის დღეა

ბავშვთა დაცვის დღე მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში აღინიშნება ერთი მიზნით – რომ გავამახვილოთ ყურადღება ბავშვთა კეთილდღეობასა და მათი უფლებების დაცვაზე. პოსტსაბჭოთა სივრცეში, მათ შორის საქართველოშიც, ეს დღე 1-ელ ივნისს აღინიშნება. ეს თარიღი ქალთა საერთაშორისო დემოკრატიულმა ფედერაციამ 1949 წელს დააწესა და 1950 წლიდან ყოველწლიურად აღინიშნება. ალტერნატიული თარიღი აქვს დაწესებული გაერთიანებული ერების ორგანიზაციას (გაეროს) – 20 ნოემბერი. ორგანიზაცია ამ დღეს ბავშვთა უნივერსალურ დღეს უწოდებს.

ბავშვებთან დაკავშირებული პრობლემები, რომლების მოგვარებასაც გაერო ისახავს მიზნად, მრავალფეროვანია. პირველ რიგში, მსოფლიოს ყველა ბავშვს უნდა შეეძლოს სკოლაში სიარული და სკოლაში უნდა იღებდეს ხარისხიან განათლებას, ეს კი სამომავლოდ დაეხმარება სოციუმს იცხოვროს მშვიდობიან გარემოში. არანაკლებ მნიშვნელოვანია ბავშვების ჯანმრთელობაზე ზრუნვა – გაერო უზრუნველყოფს ბავშვებს ვაქცინებით და აქტიურად მუშაობს ჯანმრთელობის დაცვის ორგანოებთან იმისათვის, რომ ახლო მომავალში ყველა ბავშვს ჰქონდეს წვდომა ხარისხიან სამედიცინო მომსახურებაზე. შემდეგი საკითხია ტრეფიკინგი და ბავშვთა შრომითი ექსპლუატაცია. ბევრ ქვეყანაში, ბავშვები ფიზიკურ შრომაში ატარებენ დროს, რომელსაც განათლების მიღებასა და თამაშში უნდა იყენებდნენ.  და ბოლოს, გაეროს მიზანია დაეხმაროს ბავშვებს რომლებიც კონფლიქტის ზონაში ცხოვრობენ.

 

ბავშვთა დღეს თავისი დროშაც აქვს. მწვანე ფონი ზრდის, ჰარმონიის, სიახლისა და ნაყოფიერების სიმბოლოა.წითელი, ყვითელი, ლურჯი, შავი და თეთრი ფიგურები მრავალფეროვნების და ტოლერანტობის ნიშანია. ფიგურების ფეხები ვარსკვლავს გამოსახავენ, რაც სინათლეს ნიშნავს. ვარსკვლავის ხუთი ქიმი სიმბოლურად ხუთი კონტინენტია, დროშის ცენტრში კი დედამიწაა.

როგორც წესი, ეს დღესასწაული ბავშვებისთვის განსაკუთრებულად აღინიშნება. ზოგიერთი საგანმანათლებლო დაწესებულება ცდილობს ამ დღეს ბავშვებს დამატებითი ინფორმაცია მიაწოდონ მათი უფლებების შესახებ. მნიშვნელოვანია ბავშვებმა და მშობლებმა იცოდნენ რისი უფლება აქვთ და როგორ დაიცვან ეს უფლებები. ამას გარდა, ამ დღეს ბავშვები ერთვებიან სპეციალურად მათთვის ორგანიზებულ სხვადასხვა გასართობ აქტივობებსა და ღონისძიებებში.

Babyboo გილოცავთ ბავშვთა დაცვის დღეს!

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *