როგორ ვებრძოლოთ ტილებს?
თავის ტილები ის არასასიამოვნო მოვლენაა, რომლის წინაშეც, შესაძლოა, ჩვენი პატარები აღმოჩნდნენ. პირველ რიგში, უნდა ვახსენოთ, რომ მათში სახიფათო არაფერია და არც პირადი ჰიგიენის უკმარისობითაა გამოწვეული.
თავის ტილი შესაძლოა ნებისმიერ ადამიანს შეესიოს, რადგან ადამიანის თავიდან თავზე ძალიან მარტივად გადადის. მათი შესაძლებლობებიდან ცოცვა ერთადერთია, რითაც თქვენს თმებში შეუძლიათ დაიდონ ბინა.
თავის ტილი მხოლოდ ადამიანის სისხლით იკვებება. ტილის ნაკბენი იწვევს უსიამოვნო, კანის გამაღიზიანებელ ქავილსა და წვას, თუმცა მათ არანაირი დაავადება არ გადააქვთ. ხშირმა ქავილმა შეიძლება ბაქტერიული ინფექციებიც გამოიწვიოს.
აღსანიშნია, რომ ტილებთან ,,ბრძოლა’’ ბავშვისთვის ნამდვილად მძიმე სტრესია, ამიტომ საჭიროა დროული და ეფექტური ჩარევა.
როგორ აღმოვაჩინოთ ტილები?
მდედრი ტილები კვერცხებს თმაზე დებენ, კანიდან დაახლოებით 1 სმ-ზე. მათი პოვნის ყველაზე მარტივი გზა თმების დეტალური დათვალიერებაა. განსაკუთრებით, ყურადღება მიაქციეთ თავის ზედა ნაწილის თმიან უბანს, ყურების უკან და კეფის გარშემო.
პირველი ნიშანი, რითაც შეგიძლიათ მისი ამოცნობა თავის ქავილია, რომელიც შესაძლოა გაცხოველებულ ქავილში გადაიზარდოს. ამასთან, დაკბენის შედეგად, თავის კანზე აღინიშნება წითელი გამონაყარიც. დათვალიერებისას, შესაძლოა, თმაში ცოცხალი ტილი ვერ დაინახოთ, თუმცა თმის ძირებზე მჭიდროდ მიკრულ მოთეთრო ფერის წერტილოვან კაფსულებს შეამჩნევთ, რაც მათ მიერ დადებული კვერცხებია. თმაზე მიკრული ტილის კვერცხები (წილები) შეიძლება გადარჩნენ და შეინარჩუნონ დაინფიცირების უნარი საკმაოდ ხანგრძლივად, დაახლოებით 12 დღის მანძილზე.
ყველაზე ეფექტური ტილების წამალი
პედიკულოზის მკურნალობის მთავარ მეთოდად, მე-20 საუკუნიდან მოყოლებული, ის ძირითადი საშუალებები ითვლება, რომლებიც პესტიციდებს შეიცავენ. თუმცა დროსთან ერთად, ტილებმა გამოიმუშავეს რეზისტენტობა (გამძლეობა) ამ ქიმიური პრეპარატების მიმართ, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს ბავშვების პოპულაციის 20%- ის დატილიანება. ისიც გასათვალისწინებელია, რომ ამ დროს მხოლოდ ბავშვები არ ზარალდებიან, რადგან მათი მარტივი გავრცელების წყალობით, ოჯახის ყველა წევრი შესაძლოა დაინფიცირდეს.
დაავადების სამკურნალოდ სხვადასხვა გზა არსებობს, რაც დატილიანების ხარისხის მიხედვით განისაზღვრება. არსებობს, როგორც ხალხური მეთოდები ისე თანამედროვე სამკურნალო გზები.
თანამედროვე პრეპარატები, რომლებიც ტილებისგან გათავისუფლებაში დაგეხმარებათ:
- მედიფოქსი
- ნიტიფორის ხსნარი
- პედილინის შამპუნი
- ბენზილ-ბენზოატის ემულსია
- პარა-პლუსის აეროზოლი
- ბუტადიონი
თითოეულ მათგანს მოხმარების საკუთარი ინსტრუქცია გააჩნია, შესაბამისად, დაკვირვებით უნდა გაეცნოთ. გაითვალისწინეთ, რომ ნებისმიერ შემთხვევაში პროცედურის შემდეგ აუცილებელია ბავშვს თმა ძალიან წვრილი სავარცხლით დავარცხნოთ და სათითაოდ გააცალოთ ტილის კვერცხები. საქმის გასამარტივებლად გამოიყენეთ თმის ბალზამი ან ზეთი.
გახსოვდეთ, რომ ზემოთ ჩამოთვლილი პრეპარატები ტოქსიკურია, ამიტომ არ შეიძლება მათი თვალში ან პირში მოხვედრა.
ხალხური მეთოდები
1. ჟანგბადით მომარაგების შეწყვეტა ტილებისა და კვერცხებისთვის. წაისვით თმაზე ძალიან ცხიმიანი და ბლანტი მასა, მაგალითად, მაიონეზი. შემდეგ თმა შეიფუთეთ ცელოფნით და მთელი ღამით გაიჩერეთ. აღნიშნული პროცედურა უნდა გაიმეოროთ რამდენჯერმე.
2. ეთილირებული ზეთი – პარაზიტები ზოგიერთ სუნს ვერ იტანენ. ასეთია, მაგალითად, ჩაის ხის, ნუშის, ლავანდის ეთილირებული ზეთები. წაისვით რომელიმე მათგანი თმებზე, გაიჩერეთ რამდენიმე საათით და შემდეგ ჩამოივარცხნეთ.
3. ხსნარის მიღება – აურიეთ ერთმანეთში 1 ჭიქა ბროწეულის წვენი და 3 სუფრის კოვზი პიტნა. აადუღეთ 10 წუთის განმავლობაში და შემდგომ შეიზილეთ ხსნარი თმის ძირებში.
4. ნივრით მკურნალობა – ტილები ნივრის სუნს ვერ იტანენ. დაჭყლიტეთ რამდენიმე კბილი ნიორი და 7 დღის განმავლობაში, დღეში სამჯერ შეიზილეთ თმის ძირებში.
5. ლიმონმჟავას ფხვნილს დაასხით ძმარი, კარგად აურიეთ, რომ ფხვნილი ბოლომდე გაიხსნას. მიღებული ნარევი შეაზილეთ ბავშვს თმის ძირებში, შეუფუთეთ და დაუტოვეთ მინიმუმ 2 საათი მაინც. შემდეგ ჩამობანეთ თბილი წყლით.
გაითვალისწინეთ, რომ ტილების ეფექტური მოცილების პროცედურა გულისხმობს ყველა იმ პირების მკურნალობასაც, რომლებიც ახლო კონტაქტში იმყოფებოდნენ დაინფიცირებულ ადამიანთან. აუცილებლად გარეცხეთ თეთრეული, ტანსაცმელი და ქსოვილები იმ ხსნარში, რომელიც მოხსნის რეინფიცირების საშიშროებას.