ბზიკის ნაკბენი – როგორ მოვიქცეთ?

ბზიკის ნაკბენი – როგორ მოვიქცეთ?

ბზიკის ნაკბენიბზიკისა და ფუტკრის ნაკბენი საკმაოდ ხშირი და მტკივნეული მოვლენაა. ადამიანთა უმეტესობისთვის მწერის ნაკბენი მხოლოდ მცირე დისკომფორტის მომტანია, თუმცა იშვიათი ალერგიული რეაქციის განვითარების შემთხვევაში ბზიკის ნაკბენი შეიძლება ფატალურადაც კი დასრულდეს.

ალერგიულ რეაქციას შხამი იწვევს, რომელსაც მწერი თავდაცვისა და თავდასხმისთვის იყენებს. როდესაც ფუტკრის ან ბზიკის ნესტარი ადამიანის კანში შედის, გამოიფრქვევა შხამი, რომელიც ადგილობრივ ტკივილსა და შესიებას წარმოქმნის.

ბზიკის ნაკბენი – სიმპტომები

ბავშვები, რომლებიც თბილ ამინდში გარეთ თამაშობენ, ხშირად უჩივიან სხვადასხვა მწერის ნაკბენებს. უხშირესად, ამას მხოლოდ მცირე დისკომფორტი მოჰყვება.

ამის მიუხედავად, ფუტკრის ან ბზიკის ნაკბენი განსაკუთრებულად მტკივნეულია და შესაძლოა კანზე მცირე ზომის ჭრილობაც კი დატოვოს.

ნორმალური ადგილობრივი რეაქცია ბზიკის ნაკბენზე:

  • მწვავე ტკივილი ნაკბენის ადგილას, წვის შეგრძნება, რომელიც რამდენიმე წამის განმავლობაში გრძელდება;
  • სიწითლე, შესიება და ქავილის შეგრძნება, რაც შეიძლება კბენიდან 48 საათის მანძილზე გაგრძელდეს;

მძიმე ადგილობრივი რეაქცია ბზიკის ნაკბენზე:

  • ბზიკის ნაკბენის გასიება და სიწითლე, რომელიც მოცულობაში იმატებს.
  • მთლიანი კიდურის გასიება, რომელიც რამდენიმე დღე გრძელდება.
  • რამდენიმე ნაკბენის შემთხვევაში შეიძლება აღინიშნებოდეს გამონაყარი, ცხელება, გულისრევა და თავის ტკივილი.

იშვიათად, შესიება და ტკივილი შეიძლება კბენიდან რამდენიმე დღის შემდეგ დაფიქსირდეს.

მსგავსი სტატია: გველის ნაკბენი – როგორ მოვქიცეთ?

ბზიკის ნაკბენის გართულება

ბზიკისა და ფუტკრის შხამზე ალერგია საკმაოდ იშვიათია, თუმცა – სერიოზული. მძიმე ალერგიული რეაქციის – ანაფილაქსიური შოკის შემთხვევაში ბზიკის ნაკბენი კლავს.

სიმპტომები, რომლებიც მოსალოდნელ მძიმე ალერგიულ რეაქციაზე მიგვანიშნებენ:

  • სუნთქვის გართულება
  • სახის, ხახის ან ტუჩების შესიება
  • ძლიერი გულისრევა, ღებინება, ფაღარათი
  • ტკივილი მუცლის არეში
  • ქავილი და გამონაყარი იმ ადგილებში, სადაც ბზიკს/ფუტკარს არ უკბენია
  • აჩქარებული პულსი
  • წნევის დავარდნა
  • ყლაპვის გართულება
  • გონების დაბინდვა, შფოთვა

თუ ზემოთ ჩამოთვლილიდან რომელიმე სიმპტომი განვითარდა კბენის შემდგომ, აუცილებელია მიმართოთ გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას. ანაფილაქსიური შოკის დროს გამოიყენება ადრენალინის (ეპინეფრინის) ინექცია.

ადამიანმა, რომელსაც ერთხელ განუვითარდა ანაფილაქსიური შოკი, აუცილებლად უნდა დაიმახსოვროს თუ რამ გამოიწვია ეს რეაქცია და მუდმივად თან ატაროს შესაბამისი მედიკამენტი.

ბზიკის ნაკბენის დამუშავება

ზოგჯერ, ბზიკის ნაკბენი შეიძლება დაინფიცირდეს. მიმართეთ ექიმს, თუ ნაკბენის ადგილას შეამჩნევთ ჩირქს, ტკივილი, გასიება და სიწითლე კი კლების ნაცვლად მომატებას დაიწყებს.

სხვა შემთხვევებში, მწერის ნაკბენს იშვიათად სჭირდება ექიმთან ვიზიტი. სატელეფონო კონსულტაციით ადგილობრივი რეაქციების მართვა საკმაოდ მარტივია:

  • კარგად დაათვალიერეთ ნაკბენი, შესაძლოა ნესტარი ისევ ჭრილობაში იყოს. ასეთ შემთხვევაში ეცადეთ ის კანიდან ამოიღოთ.
  • ტკივილის გასაყუჩებლად შეიძლება პარაცეტამოლის ან იბუპროფენის გამოყენება
  • ბზიკის ნაკბენის მალამო, რომელსაც ტკივილგამაყუჩებლის ეფექტიც აქვს, მას ინფექციებისგან დაიცავს.
  • თუ შესიება სერიოზულია, ექიმის რჩევით, სასურველია ანტიჰისტამინური პრეპარატის მიღებაც.
  • ყურადღებით დააკვირდით სიმპტომებს, რომ მძიმე რეაქციის შემთხვევაში ბავშვის დახმარება შეძლოთ.

სამწუხაროდ, ბავშვების მწერებისგან დაცვა საკმაოდ რთული დავალებაა. იმისათვის, რომ მტკივნეული ნაკბენების რისკი მინიმუმამდე დავიყვანოთ, უმჯობესია ბავშვს გარეთ თამაშისას დახურული, ღია ფერის ტანსაცმელი ეცვას. ფუტკრები და ბზიკები განსაკუთრებით „ემტერებიან“ ბავშვებს, რომლებსაც ყვავილებიანი ტანსაცმელი აცვიათ.